სამართალი
ირაკლი ქადაგიშვილი: გრძელდება კამპანია, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველო რამენაირად გამხდარიყო კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე და საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

ქადაგიშვილის თქმით, ეს არის შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთხელ რეალიზაციის მცდელობა.

ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველო რამენაირად გამხდარიყო კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე და საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი. მის მიღწევას პირდაპირი და ირიბი მოწოდებით ცდილობდნენ. ასევე, საქართველოს დადანაშაულებით, რომ საქართველო რუსეთს იარაღით და ორმაგი დანიშნულების ტვირთებით ამარაგებს, ათასი დაუმსახურებელი ტყუილით, „ფეიკი“, პროვოკაციული განცხადებებით. ასევე, ქმედებებით, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას მოხალისეები უნდა გაეგზავნა. ეს არის შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთხელ რეალიზაციის მცდელობა – ეს არის შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ფიქრობენ, რომ მისი პოზიცია არის გადამწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებაში და იქნებ, ამ შანტაჟით მას პოზიცია შეაცვლევინონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.