პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი ანტისახელმწიფოებრივია და ყველა წარმატებას ეწინააღმდეგება.

"ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ზუსტად ოპოზიციას აქვს, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში. მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ყველა წარმატებას, ყველა წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს სჭირდება. ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ასე რომ, საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.