უცხოეთი
თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ არ გადასცემს გერმანია უკრაინას ტანკებს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი ამბობს, რომ გერმანია არ გეგმავს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას. ამის შესახებ ლამბერხტმა განცხადება დღეს, 12 სექტემბერს გააკეთა.

მისი თქმით, ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები.

“ჩვენ შევთანხმდით პარტნიორებთან ერთად, რომ გერმანია ამ გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ მიიღებს”, – განაცხადა ლამბრეხტმა.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი დაიპყრო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულმა კონტრშეტევამ ცხადი შედეგები მოიტანა, რაც გამოიხატა დასახლებული პუნქტების გათავისუფლებასა და რუსული მომარაგების ხაზების, შესაბამისად კი, ახალი შეტევების აღმოფხვრაში.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, 11 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინულმა შეტევამ ხარკოვის ოლქში დააბნია რუსული ძალები და სრულიად ჩამოშალა დონბასის შეტევის ჩრდილოეთ მიმართულება.

ინსტიტუტის თანახმად, ის ფაქტი, რომ რუსეთმა აღიარა იზიუმი-ბალაკლეას ტერიტორიებიდან გასვლა, მიანიშნებს რუსული საინფორმაციო ბრძოლის ჩამოშლაზეც. 10 სექტემბრის უკრაინული წინსვლა ISW-ს თანახმად:

უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დასავლეთ ნაწილი. სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ნაწილს მომდევნო 24 საათში დაიკავებენ, თუ მდინარეს გადაკვეთენ;

 მიუახლოვდნენ ქალაქ იზიუმს. მოსალოდნელია, რომ ქალაქს სრულად დაიკავებენ 48 საათში;

 უკრაინელები მიუახლოვდნენ ქალაქ ლიმანს, დონეცკის ოლქში;

 უკრაინელებმა დაიკავეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-20 კმ-ით დაშორებული ტერიტორიები ხარკოვის ოლქში, რომელსაც მანამდე რუსეთი აკონტროლებდა;

 უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი ბილოჰორივკა ლუგანსკის ოლქში და მიუახლოვდნენ ლისიჩანსკს. შედეგად, რუსეთი სრულად ვეღარ აკონტროლებს ლუგანსკის ოლქს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო წარუმატებლობა იზიუმი-ბალაკლეას მიმართულებით „გადაჯგუფებით“ ახსნა.

მათი განცხადებით, რუსული ჯარი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით გადაინაცვლებს.

თავდაპირველად, იზიუმის ოკუპაციის მიზანი იყო სწორედ დონეცკის იზოლაცია ჩრდილოეთიდან.

netgazeti.ge