სამართალი
შსს კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ექვსი პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.