უცხოეთი
ნატო-ს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება - მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს ცხრა წევრი ქვეყნის პრეზიდენტები ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ომის დროს კიევს ესტუმრნენ და თავიანთი თვალით ნახეს რუსეთის აგრესიის ეფექტი, რის გამოც შეუძლებელია გაჩუმება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არც ახლა და არც სამომავლოდ არ ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსია. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები.

1tv.ge