პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის გზა იმ ნეიტრალიტეტისკენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათ შემოგვიგდეს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ღიად ამბობს უარს NATO-ს წევრობაზე, არათუ არანაირ განაცხადს არ აკეთებენ, არამედ არანაირ სამუშაოს არ აპირებენ ამ მიმართულებით - ეს არის გზა სწორედ იმ ნეიტრალიტეტთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მათ შემოგვიგდეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლება ამ საკითხზე აქტიურად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, რადგან აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა შექმნილი. მისივე თქმით, დღეს, გერმანია, რომელიც ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის გაწევრიანებას ეთანხმება.

უკრაინამ მიმართა NATO-დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამაზე რუსული აგენტურული ქსელის მიერ მართული, პრორუსული „ქართული ოცნება“ სდუმს და არაფერს ამბობს.

გასულ კვირაში, მათ მიმართ ჩემი ბრალდება დაადასტურა მათმა „კაგებეშნიკმა ოთხეულმა“ - მათ უპირობოდ უარი თქვეს თანამედროვე შეიარაღების მოწოდებაზე დასავლეთის მხრიდან- „ჰაიმარსებზე“, „პატრიოტებზე“ და „აბრამსის“ ტანკებზე, რაც იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. დღეს ისინი ფაქტობრივად, ღიად უარს ამბობენ NATO-წევრობაზე, არათუ არანაირ განაცხადს არ აკეთებენ, არამედ არანაირ სამუშაოს არ აპირებენ ამ მიმართულებით.

მე კითხვას ვუსვამ ამ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტშიც არიან, ხელისუფლებაშიც - ასე გინდათ, რომ გაატაროთ ეს ყველაფერი?! კონსტიტუციაში რომ ჩანაწერი გვაქვს NATO- ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამას რას უპირებთ?! ეს არის თქვენი ლუსტრაცია თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა ვაშაძემ.