რელიგია
„ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება“ - მეუფე ნიკოლოზი

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება.

როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? - ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია", მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია.

„ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ რატომ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში და განმარტა, რომ იქ დავით არსენიშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.

„დავით არსენიშვილმა დაარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრის და კინოს მუზეუმი თბილისში და გადაარჩინა ანჩისხატის ტაძარი დანგრევას. შემდეგ რუსეთში დაარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - წერია მილოცვის წერილში.