უცხოეთი
ედგარს რინკევიჩსი - ლატვიის გადაწყვეტილება, არ შეუშვას ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, სწორი იყო, რადგან გაქცეულთა უმეტესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ ლატვიის გადაწყვეტილება, არ შეუშვას ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, სწორი იყო, რადგან გაქცეულთა უმეტესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს. ამის შესახებ ლატვიელმა დიპლომატმა გამოცემა Neatkariga Rita Avize-თან ინტერვიუში განაცხადა. რინკევიჩსის აზრით, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის ქმედებებს.

„სწორია, რომ არ შევუშვით ლატვიაში ისინი, ვინც რუსეთიდან გარბოდა, რათა მობილიზაციისთვის თავი აერიდებინათ. ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, როგორიცაა საქართველო, მიიღეს გაქცეულები და მათი რაოდენობა იქ ძალიან დიდია, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს. ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ეს ადამიანები არ არიან ომის წინააღმდეგები, ისინი ომში საკუთარი მონაწილეობის წინააღმდეგ არიან, ეს კი სრულიად განსხვავებული რამეა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ რუსეთში არსებობენ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უკვე უკმაყოფილონი არიან იმით, რაც ხდება.

„მობილიზაცია შედგა, თუმცა მან ვერ მოიტანა მოსალოდნელი შედეგი. ეკონომიკური თვალსაზრისით, მრავალი სანქცია მხოლოდ ახლა იწყებს მოქმედებას, რადგან მათ ჰქონდათ გარდამავალი დებულებები. ის, რომ საზოგადოების გარკვეულ დონეზე იწყება რაღაც ტექტონიკური რყევები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი გავიდნენ სრულფასოვანი მიწისძვრის დონეზე“, – აღნიშნა რინკევიჩსმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა. შოიგუს მონაცემებით, მომზადება 218 ათასმა ადამიანმა გაიარა, უკრაინაში კი 82 ათასი ადამიანი გაგზავნეს.

1tv.ge