აქტუალური
ირაკლი კობახიძე: თუ რადიკალური ოპოზიცია მანდატებს დატოვებს, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულებაში

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია მანდატებს დატოვებს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში დეპოლარიზაციის შემცირებაზე დადებითად აისახება.

როგორც კობახიძე ამბობს, უკეთესი იქნება, რაც მეტი რადიკალი დატოვებს პარლამენტს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია მანდატებს დატოვებს. ეს არა მარტო პარლამენტში შეამცირებს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის ხარისხს, არამედ დადებითად აისახება ქვეყანაში დეპოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებდა. თუ შეიძლება, რომ მათ დადებითი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში, არის მანდატების დატოვება. თუ ამას გააკეთებენ, ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციის შესრულებაში, რასაც დეპოლარიზაცია ჰქვია. მათ მიერ მანდატებზე უარის თქმამ თავის დროზე რაღაც ეფექტი იქონია. გახსოვთ 19 აპრილის მოლაპარაკებები, დღეს ნულოვანი ფასი აქვს მათ საბოტაჟს, რომელიც პარლამენტის წინააღმდეგ შეიძლება, განახორციელონ. აქედან გამომდინარე, უკეთესია, რაც მეტი რადიკალი დატოვებს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.