აქტუალური
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსმენები გაგრძელდეს, გადადების დრო არ არის

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „სიენენის“ სიუჟეტი არ უნახავს.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. როგორც კელი დეგნანი ამბობს, მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.

ამასთან, დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდეს.

არ მინახავს „სიენენის“ მასალა. ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსმენა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და ამ დროს ფოკუსი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ სააკაშვილი, ან ნებისმიერი ამ პოზიციაში, მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდეს. ჩვენ ვთქვით და ბევრმა თქვა, მათ შორის, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს. ამ მოსმენით გაირკვეოდა, რა დახმარება სჭირდება სააკაშვილს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსმენები გაგრძელდეს. გადადების დრო არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.