სამართალი
ფარული ჩანაწერი სინამდვილეს შეესაბამება - არა მარტო მელია, არამედ მთელი "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილს ზურგს უკან ბოლო სიტყვებით ლანძღავს - საქინფორმი

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ფარული ჩანაწერებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით პოლიტიკური ქულების დაწერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„გავრცელებული ჩანაწერის შესახებ ვიცოდი, უბრალოდ იმ ფაბრიკაციის ფაბრიკაცია აღმოჩნდა, რასაც ერთი თვე დაატარებდნენ სოფელ-სოფელ, ერთი რაიონიდან მეორე რაიონში. სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ, რისთვისაც ვებრძვით, იმავე მეთოდებს ვხედავთ, რომელიც წინასაარჩევნოდ არის გამოყენებული. ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ლევან ხაბეიშვილი.

„ლევანი არ არის ის ბიჭი, რომ მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობდეს პაექრობას. ადამიანები, რომლებიც დგანან მის უკან, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ და ვერც ვერასდროს ისწავლიან. ასეთი ადამიანები არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც კი საშიში არიან. ხაბეიშვილი ამ ამბავს ემიჯნება, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება, ვის აინტერესებს შინაარსი. უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით სირბილი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს გამოდებდნენ საჯაროდ და ასეთ ფატალურ შეცდომას დაუშვებდნენ. ამ ყველაფრით დასტურდება კიდევ ერთი რამ: არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ყველაზე მეტად ნიკა მელიას დამარცხება აწყობს, რადგან სხვა ფორმაციის „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით მარტივი მეტოქე იქნება „ქართული ოცნებისთვის“, – აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის ხელწერას აუდიოჩანაწერების გავრცელებაში, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ჰო, აბა, ვისი ხელწერაა“.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.