სამართალი
ირაკლი კობახიძე: არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან, მათ შორის, მეორე ფრონტთან მიმართებით

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. შეგნებულად ხდება [სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით] ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური ინტერესები - ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას.

სამწუხაროდ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის მაღალ დონეზე, საერთაშორისო მედიაში, იმის თაობაზე, თითქოს, საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქტის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ არის ტყუილი. მოგვიანებით ეს კითხვა გაჟღერდა „CNN-ის“ ეთერში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. დღეს მე გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე უტყუარად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. საუბარია ექსპორტთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე, რომელიც აჩვენებს იმას, რომ არათუ არაპროპორციული გაზრდა არ მომხდარა ექსპორტისა საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, არამედ ექსპორტის ზრდა იყო ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე სხვა პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ შეგნებულად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს ბუნებრივია პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.

ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, მეორე ფრონტთან მიმართებით. ბუნებრივია, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად დაზიანდეს. მიზანია სახელმწიფოს დასუსტება, ხელისუფლების დასუსტება და ამისთვის ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ სწორედ იმისთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ არ იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი ესკალაცია, რაც არის სერიოზული პრობლემის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.