საზოგადოება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების საკითხში

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების საკითხში. ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც ყურანი დაწვეს.

ისინი, ვინც დაუშვა ასეთი მკრეხელობა ჩვენი საელჩოს წინ, არ უნდა ელოდონ ჩვენს მხარდაჭერას ნატო-ში მათი გაწევრიანების მიმართ. შვედეთის მთავრობას არ სჭირდება ჩვენთან უფლებებისა და თავისუფლებების ხსენება. თუ თქვენ ნამდვილად პატივს სცემთ უფლებებსა და თავისუფლებებს, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ თურქეთის რესპუბლიკას ან მუსლიმთა რელიგიურ რწმენას. თუ არ აჩვენებთ ამ პატივისცემას, მაშინ, ვწუხვარ, თქვენ ვერ დაინახავთ ჩვენგან მხარდაჭერას ნატო-წევრობის საკითხში“, – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ყურანის დაწვის აქცია სტოკჰოლმში დანიელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, რასმუს პალუდანმა გამართა, რომელსაც შვედეთის მოქალაქეობაც აქვს. აღნიშნული დემონსტრაცია რამდენიმე მუსლიმურმა ქვეყანამ დაგმო, მათ შორის საუდის არაბეთმა, იორდანიამ და ქუვეითმა. აქციის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ანკარამ ასევე გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი.