სამართალი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, დღეს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა, რაც ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და ამას ააცილა ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წელი გავიდა სანქციების ტალღებიდან და ყველამ ნახა, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რომ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა არ დაუშვა.

ამავე დროს ვნახეთ, რომ ის ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს, და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები, ვნახეთ, რას უპირებდნენ ჩვენ ქვეყანას საბოლოო ჯამში. დღეს ეს უკვე დათვლილია ეკონომიკურადაც, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, დღეს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის, ეს ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას, ამას ააცილა ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ იმით, რომ თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ იმის გათვალისწინებით, რომ ორმხრივი სანქციები, ანუ ის, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები, ამით ჩვენ ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს. ჩვენ ამავე დროს პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ გვერდი აუაროს მათ საქართველოს მეშვეობით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი და, მეორე მხრივ, არცერთი სახელმწიფო არ კვეთს იმ წითელ ზღვარს ეკონომიკური კუთხით, სადაც ის უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ზიანს მიაყენებს რუსეთს. ზუსტად ისეთივე განსჯა აქვთ მათ, როგორც საქართველოს, რომ არ კვეთენ წითელ ხაზს უსაფრთხოების კუთხით, არ გადიან იმ წითელ ხაზზე, სადაც ფიქრობენ, რომ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შევლენ რუსეთთან და არ გადადიან იმ წითელ ხაზს, სადაც ფიქრობენ, რომ ისე დააზიანებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ ამას, საბოლოო ჯამში, ეფექტი არ ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.