აქტუალური
გია ვოლსკი: „რუსეთი სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს“ - ეს ის თამაშებია, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ ბუნტი გამოიწვიონ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ჰააგის გადაწყვეტილება არის სერიოზული, არამარტო სამართლებრივი, პოლიტიკური გადაწყვეტილება და აჩვენებს, რომ შეუქცევადი პროცესები დაიწყო, როცა დაპირისპირება შედის ახალ ფაზაში - საქართველოს ინტერესია შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე, ვოლსკი პასუხობს, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის მოთხოვნა ის თამაშებია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ვინმეს „პრორუსობა დააბრალო“.

"სამხედრო დამნაშავეა“, „შეაგინე პუტინს, ამით გამოხატე შენი პოლიტიკური დამოკიდებულება“ - ეს ის თამაშებია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბუნტი გამოიწვიონ, პრორუსულობა ვიღაცას დააბრალონ და ა.შ. სერიოზულად თუ გინდათ ამ თემის განხილვა, აბსოლუტურად სხვა რაკურსით უნდა შევხედოთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში შევიდა მოთხოვნით, რომ გამოძიება დაწყებულიყო რუსეთის, როგორც აგრესორის წინააღმდეგ. არც ერთი ადამიანის დანაშაული არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ამით ყველაფერია ნათქვამი. არასერიოზული ლაპარაკი, რომ „აბა, შეაფასე წინასწარ“, „სასამართლო სანამ იტყვის, შენ გამოიტანე ვერდიქტი“, არ არის ის თემა, რომელიც დღეს უნდა აქტუალური იყოს. ვინაიდან, ყველამ გაიგო, რომ ჰააგის ტრიბუნალში საკითხის შეტანაში საქართველო იყო 38 ქვეყანას შორის, ახლა ცდილობენ, ეს ინფორმაცია გადაფარონ. მე პირადად ეჭვი მაქვს, უკრაინის ელჩის გაწვევაც კი ამ თემას დაამთხვიეს, რომ არ ყოფილიყო ხაზგასმული, რომ ჰააგის ტრიბუნალს საქართველომ მიმართა.

ეს არის სერიოზული, არამარტო სამართლებრივი, პოლიტიკური გადაწყვეტილება და აჩვენებს, რომ ამის უკან შეუქცევადი პროცესები დაიწყო არამარტო იმ თვალსაზრისით, რომ სამართლებრივი შეფასებები იქნება და ყველა დამნაშავეს თავის პასუხი გაეცემა, არამედ პოლიტიკურად შეუქცევადი პროცესია, როცა დაპირისპირება შედის ახალ ფაზაში და იძენს პრაქტიკულად ისეთ ხასიათს, რომლის პირობებში ყველა ქვეყანა თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საქართველოს ინტერესი არის მთავარი - შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.