აქტუალური
პაველ ჰერჩინსკი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელიც იქნება მიღწეული საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

ვიმედოვნებ, საქართველო წინ წაიწევს და მას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ, მივცეთ რჩევა, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, რომ დავეხმაროთ საქართველოს, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელიც იქნება მიღწეული საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი ქვეყანა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში შეხვდებიან და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ ყველა უნდა დათანხმდეს. ეს რთულია, თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელია და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა.