აქტუალური
პირს, რომელიც ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით არის დაკავებული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. პირს, რომელიც ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის დაკავებული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 11 პრიმა, 143-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,გ’’ და მე-3-ე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.