აქტუალური
კახა კალაძე: ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ამ ძვირფას ადამიანებს. მათმა თავდადებამ და ბრძოლამ მოგვიტანა მშვიდობა და წერტილი დაუსვა კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას – ფაშიზმს.

ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობას და მხნეობას!

აქვე, ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობ ჯარისკაცად დარჩა. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს.

დღეს ასევე აღინიშნება ევროპის დღე. საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც ევროპულ ოჯახში თანასწორი, დემოკრატიული, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია“, – წერს კალაძე.