საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას კიდევ ერთხელ შევთავაზეთ იუსტიციის საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, მაგრამ ვხედავთ თვითმიზანს, ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციას კიდევ ერთხელ შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ თვითმიზანს, ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს არის ძალიან სამწუხარო და ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„უკვე თითქმის ერთი წელია გასული, რაც ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, დაესახელებინათ მათთვის მისაღები კანდიდატურები, თუმცა უარს ამბობენ, რაც არასწორია და მიუღებელი. კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მათთვის სასურველი კანდიდატურების დასახელება, ამბობენ უარს. არ ვიცი, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ ერთგვარ თვითმიზანს, ჩააგდონ ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს არის ძალიან სამწუხარო. ამ ყველაფრიდან გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის და ვის არ სურს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ, თუმცა რამდენად იქნება მათი მიდგომა კონსტრუქციული, არ ვიცი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, წელიწადზე მეტია გასული, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს მათ პოზიციას, თუმცა ეს პოზიცია არ ჩანს.

24 საათზე საუბარი მათი მხრიდან არის სპეკულაცია. კონკრეტული კანდიდატურების მხარდაჭერა თუ სურთ, დაასახელონ ეს კანდიდატები ან საერთოდ არ დაასახელონ და მხარი დაუჭირონ კენჭისყრაზე. ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ, აქ გამოჩნდება, სინამდვილეში მათ სურთ თუ არა კანდიდატის სტატუსი. მთლიანად კენჭისყრას თუ ჩააგდებენ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ნათელი იქნება მათი დამოკიდებულება, მხარს თუ დაუჭერენ კონკრეტულ კანდიდატებს, ესეც ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას. ალბათ ამ დღეებში შედგება კენჭისყრა. კანდიდატების არჩევა თუ მოხერხდება, ეს იქნება ძალიან კარგი, რათა წინ წავიწიოთ კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრა, კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება.

„ამის გადადებას, უბრალოდ, აზრი აღარ აქვს. თუ არის ზოგადად მიდგომა, რომ დეპუტატებს სურთ კანდიდატების დამტკიცება, ისინი მხარს დაუჭერენ, თუ არ სურთ, არ დაუჭერენ. მარტივად არის საქმე. რა თქმა უნდა, კანდიდატების გასვლა იქნება უკეთესი, რათა წინ წავიწიოთ კანდიდატის სტატუსის კუთხით. აქ გამოჩნდება, რომელ მხარეს არის რეალური სურვილი, რომ მოხდეს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება.

თქვენ გახსოვთ, როგორ დასრულდა, მათ შორის, სახალხო დამცველთან დაკავშირებით კენჭისყრა. ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, მოგვეხერხებინა სახალხო დამცველის არჩევა, იყო ის, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს მივეცით ეს თანამდებობა. სხვა შანსი არ არსებობდა. იყო დამატებით სამი ქალი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს და ითქვა პლენარულ სხდომაზე, რომ მათზე ხორციელდებოდა ინტენსიური ბულინგი, რათა მხარი არ დაეჭირათ სახალხო დამცველისთვის. აქედან ჩანს რა? რომ სინამდვილეში ვიღაცების თვითმიზანი არის, რომ ვერ მოხერხებულიყო სახალხო დამცველის არჩევა, ვერ მოხერხდეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა, იმისთვის, რომ შეფერხდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. ჩვენ 24 საათზე კი არ გვაქვს საუბარი, ვიცდიდით 12 თვე და არ დააფიქსირეს არავითარი პოზიცია. აქ აზრი არ აქვს დალოდებას. გავა საკითხი კენჭისყრაზე, ვისაც უნდათ, დაუჭირონ მხარი, ვისაც უნდათ – არა. თუ ჩავარდება, თავიდან დაიწყება პროცედურა. კიდევ არის დრო, რათა კანდიდატები აირჩნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.