საზოგადოება
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ (ვიდეო)

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ფორუმზე "ძლიერი დიასპორა ერთიანობის, მშვიდობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის" (ვიდეო იხ. აქ).

მივესალმები პრემიერ-მინისტრს,

პარლამენტის თავმჯდომარეს,

თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს,

ქართულ ჯარს, ამერიკელ სამხედროებს,

მივესალმები საპატიო სტუმრებს აზერბაიჯანიდან და ლიეტუვიდან,

მივესალმები მთავრობასა და პარლამენტის წევრებს,

საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს,

აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს,

მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელს,

მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენ თანამემამულეებს საზღვრებს მიღმა.

ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე. და თქვენ ამ ფიცით, საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით. ჯარს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს, თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა, სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა. 26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველანი ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს.

დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 04:30-ზე დახვრეტილი, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, 15 მებრძოლი ვაჟკაცი გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ. ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ ასი წლის თავზე თითოეულ მათგანს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას: „ჩვენი პირი უნდა დასავლეთისკენ იყოს მიქცეული, ჩვენი პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული“. დღესაც, ეს გამოძახილი ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება.

ეს დღე თავისით არ მოსულა. იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გაწირეს და ძალა არ დაიშურეს. ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით თავისუფლების და მშვიდობის ფასი. გვესმოდა, რომ ერთი მეორისგან განუყოფელია. ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ და მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას თუ მტრობას არ ისახავდნენ. რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და „ერთმორწმუნე ძმის“ მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც.

70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ქართველში ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი. პირიქით, რაც მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ ღირსებით, ამ პრინციპებით და ამ შეგნებით მოვედით.

26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება. დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ვამზადებდეთ ახალი თაობის უკეთეს მომავალს! დღე ზეიმის და ამაღლებული განცდების. ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობაც. ამავე დროს ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს - შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომით და ჟინით შეძლეს და საქართველო ასახელეს კულტურაში, სპორტში, თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნიან.

იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას. იმედი გვიჩნდება, მაშინ, როცა იქ მცხოვრები ქართველები ყოველგვარ შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას.

სიამაყის განცდა გვეუფლება, როცა ვუყურებთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ურთულესი პირობების მიუხედავად, მტერს არ ნებდება, გატაცებებმა ვერ შეაშინა და ვერ გააძევა საკუთარი სახლიდან.

და ყველაზე მთავარი იმედი - ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამეთუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა.

ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა.

ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!

არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა.

ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“?

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.

ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები, რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ გავიხსენოთ იმედზე გასული ომის მოდელირებული ქრონიკა.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!

გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას, „ქართველობის წართმევას“, გარყვნილებას და მაინც, საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ. საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ.

დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და დავიბრუნოთ მომავლის იმედი.

სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთგაგება და პატივისცემა შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს. ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს: „ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია“. სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე.... ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით.

ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე კარგ თუ ცუდ განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?

კარგად ვხედავთ დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება.

ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება გზაგასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.

ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია.

ქართველ ხალხს, ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას ხელისუფლება სადაა?

ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს, იმაზე თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედობის დრო ნამდვილად არაა. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესების და ღირსების დასაცავად უკან არასოდეს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა.

ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება ჩვენი გზიდან გადაყვანის.

31 მაისს, სწორედ ამ ევროპული მომავლისთვის ჩავალ ბრიუსელში. თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა დავიცვა ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას, იმ ხალხის ხმას, რომელიც ერთგულია 26 მაისის სულისკვეთების და რომელიც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ერთიანდება, ერთი იდეის ირგვლივ - ჩვენი დამოუკიდებლობის და იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროპაა.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ 26 მაისს!

გაუმარჯოს საქართველოს!