უცხოეთი
ენტონი ბლინკენი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება. მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ეს პროცესი გაიწელოს.

„ნატო-ში გაწევრიანებით შვედეთი იღებს ვალდებულებას ყველა სხვა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ამ ვალდებულებებში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. რა თქმა უნდა, ყველა სხვა მოკავშირეც პასუხისმგებელი იქნება შვედეთის უსაფრთხოებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა ბოლომდე მივიყვანოთ შვედეთის გაწევრიანების პროცესი იმ დრომდე, სანამ ლიდერები შეიკრიბებიან ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე“, – აღნიშნა ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან საერთო პრესკონფერენციისას.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი ნატო-ში გასაწევრიანებლად მზად არ არის. ის შვედეთის მთავრობას თურქი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

„ვფიქრობ, თურქეთმა სამართლიანად გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე, რომელთა გადასაჭრელადაც შვედეთმა და ფინეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ამიტომ, ვფიქრობ, თურქეთის დამსახურებაა, რომ შეძლო, ნატო-ს ალიანსის ფოკუსირება ამ შემაშფოთებელ საკითხებზე, მაგრამ შვედეთისა და ფინეთის დამსახურებაა, რომ მიიღეს კონკრეტული ზომები ამ საკითხების გადასაჭრელად შეერთებული შტატების პერსპექტივიდან“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, მზადაა, დაეხმაროს შვედეთს უსაფრთხოების საკითხების პრობლემების მოგვარებაში ნებისმიერ დროს, ქვეყნის რეალური სტატუსის მიუხედავად.

1tv.ge