აქტუალური
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას, „ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფეარსს“ მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულა“ რეგისტრირებულია მიმდინარე წლის მაისში.

აშშ-ის იუსტიცის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლობისტური კომპანია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების კონსულტაციებს, დაკავშირებულია აშშ-ში „ფორმულას“ საკომუნიკაციო პროგრამის შემუშავებასა და მართვასთან.

გავრცელებული ცნობით, ლობისტური კომპანია ჩაერთვება აქტივობებში უცხოელი შემკვეთის სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ, რაც ეხება დამოუკიდებელი მედიისადმი დამოკიდებულებას საქართველოში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, არჩეულ თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციასთან, მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საჯარო პოლიტიკის და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, საკითხების ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან. აშშ-ის იუსტიცის დეპარტამენტის ინფორმაციით, დადასტურებულია კონტაქტები ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება, ასევე, აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან.