აქტუალური
ვედანტ პატელი: გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისკენ მიემართება და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო გადაიდგა.

აშშ აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, პატელის თქმით, აშშ მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს, თუ საჭიროება იქნება

დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა წასულიყო. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან.

გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “უცხოური გავლენის” კანონის გაწვევით, სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით.

ეს ქმედებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული პარტნიორის მიერ აშშ-ის მხრიდან დახმარების მიღებისთვის”.

შესაბამისად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულ გამომწვევ მომენტშია. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. გავაგრძელებთ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ეს [ორმხრივი ურთიერთობების] გადახედვა, რომელიც ახსენეთ, მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებითი შესაბამისი ქმედებები განვახორციელოთ, თუ ამის საჭიროება იქნება”, - განაცხადა პატელმა.

პატელის თქმით, აშშ ამავდროულად გააგრძელებს უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას.

"დახმარების პროგრამები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ “ქართული ოცნების" მთავრობისთვის, გაჩერებული იქნება, ამავდროულად გავაგრძელებთ უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამების შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას, რათა რესურსები არასამთავრობო ერთეულებს გადაეცეს, რომლებიც კონკრეტულ სექტორში მუშაობენ", - აღნიშნა მან.