სამართალი
თინა ბოკუჩავა: როცა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში და, ასევე რუსეთში

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. როდესაც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავად ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში და, ჩვენი ინფორმაციით, დახურული არხებით, ასევე რუსეთის ფედერაციაში - ეს არის საქართველოს ტოტალური საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა და ევროატლანტიკური მომავლის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებით და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა.

გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯიმ ო'ბრაიენმა დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ო’ბრაიანმა პარალელი გაავლო გლობალურ "მაგნიტსკის" აქტთან, რომლის საფუძველზეც სანქცირებულია პუტინის რეჟიმი და განმარტა, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება მოხდება კორუფციის და ადამიანის უფლებების გამო, რაც საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, რამაც ოფიციალურად გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ის დღევანდელ პოლიტიკას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს: როგორც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს, ისევე როგორც დემოკრატ კონგრესმენებსა და სენატორებს შორის.

როდესაც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავად ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში და, ჩვენი ინფორმაციით, დახურული არხებით, ასევე რუსეთის ფედერაციაში. როდესაც სენატში ირანს, ჩინეთს და რუსეთს, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ბოროტების ღერძის აქტორებად მოიხსენიებენ, ივანიშვილის მთავარ პარტნიორებად, სწორედ ეს აქტორები და არა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გვევლინებიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტი, როდესაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც ისმოდა შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ და სადაც თავად კობახიძე ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ ლიდერთან, ისმაილ ჰანიესთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიალიდან რამდენიმე საათში მოკლეს როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი. ივანიშვილის ხელისუფლებამ გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები, ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებით და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა, როგორიც არის რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს არის საქართველოს ტოტალური საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა და ევროატლანტიკური მომავლის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხე, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ქართველ ხალხს შეუძლია, საკუთარი ევროატლანტიკური არჩევანით ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე დააბრუნოს და საქართველოს მეგობრებად კვლავ გვევლინებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის კავშირის ქვეყნები და არა ავტოკრატიული სახელმწიფოები, როგორებიც არიან ირანი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.