საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.
„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგებაო“, ხოლო რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დაგეხმაროთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც რუსული "რია ნოვოსტის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა.
2024 წლის 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
28 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა კვლავ ილაპარაკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე:
„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთ შენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!
ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.
26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“.