საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მინდა, მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და ქალბატონებს ოპოზიციიდან, რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები?! – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
„როგორც მოხდა, როგორც გაიყო ძალთა ბალანსი, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი ბალანსია. ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით თუ გარეთ. გარეთ ავიღოთ მოლდოვა. გამოვიდა მაგათი პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე, გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე არჩევნები… გამოდის წინა დღეებში უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. შე დალოცვილო, არჩევნებსაც არ ატარებ და ვის არჩევნებზე ლაპარაკობ? მართლა გისურვებ, ქვეყანა შეინარჩუნო, დაგვანებეთ თავი.
ახალგაზრდებს მინდა მივმართო, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ტერიტორიაზე რომ ცხოვრობდნენ, ის ადამიანები გამოდიან, ევროპარლამენტარებზე ვამბობ, და საქართველოს წინააღმდეგ ხშირად იღებენ ხოლმე რაღაცას. რომ ცდილობენ, საქართველოში შედარებით არეულობა იყოს. მე არ მრცხვენია ამის თქმა, აკეთებენ იმიტომ, რომ ფიქრობენ, უკრაინას თუ გაუსწორდა რუსეთი, მერე ვიღაცის ჯერი ხომ უნდა დადგეს. ძალიან პატარა ქვეყნებია და არ უნდათ პირველად იმას მიადგნენ. თავიანთი გადასახედიდან სწორადაც იქცევიან, იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ჩვენს ქვეყანას სასაკლაოზე ნუ გაუშვებთ“, – აღნიშნა ბოდბლემა ეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქალ ოპოზიციონერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი საუბრობენ იმისთვის, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი“.
„მინდა, მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და ქალბატონებს ოპოზიციიდან, რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები?! დღეს ჩვენ თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ფიქრი გამორიცხულია.
ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას იცავთ? საუბრობთ იმიტომ, რომ, გინდათ უცხოელს მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ? ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ, აი, დამთავრდა არჩევნები და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე – გავაძლიეროთ საქართველო“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.