საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში.
„ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მან დააყენა, როდესაც საუბარი გვქონდა ეროვნული მნიშვნელობის თემებზე, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, იგივე ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით, თუმცა არა მარტო. საუბარია ყველა საგანზე. ყველაფერი იქნა მხედველობაში მიღებული. ჩვენ დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, გზამკვლევი, სადაც ასახულია მთავარი პრინციპები და ამ დოკუმენტში შევიტანეთ ის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული სასწავლო პროგრამაში. ამან, სხვათა შორის კონკრეტული სუბიექტების სერიოზული გაგულისება გამოიწვია, მათ შორის იყვნენ ე.წ ენჯეოები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა სუბიექტები, განათლების სისტემაში „მოღვაწე“ ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდებიან, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო ეროვნული იდენტობის, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე და ა.შ. მანამდე იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებების გაღვივება. ეს ყველაფერი ამოვიღეთ და ჩავანაცვლეთ ეროვნული იდენტობით, პატრიოტიზმით და ა.შ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ამას უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, რაც თვისებრივად გადასახედია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.