საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც 38 ადამიანი ემსხვერპლა.
„ამჟამად მთავარი პრიორიტეტი არის საფუძვლიანი გამოძიება, რომელიც უპასუხებს ყველა შეკითხვას, თუ რა მოხდა რეალურად“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით და უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფოტოებსა და ვიდეოებში აშკარად ჩანს თვითმფრინავის დაზიანება, რომელიც ძალიან ჰგავს სარაკეტო დარტყმას.
„ჩვენ ყველა საჭირო საშუალებით დავუჭერთ მხარს აზერბაიჯანს ამ ვითარებაში და მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, დახმარება გაუწიონ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ლიდერები უახლოეს მომავალში ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
1tv.ge