საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. გამოცემა The Telegraph-ი დიდ ბრიტანეთში სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. სტატიის სათაურია – „როგორ დაიფარა პედოფილი ბანდების სკანდალი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბანდები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, მსხვერპლ მოზარდებს კი სახელმწიფოს მხრიდან მართლმსაჯულებასა და დაცვაზე უარი ეთქვათ, „რათა შეენარჩუნებინათ წარმატებული მულტიკულტურული საზოგადოების იმიჯი“.
The Telegraph-ი წერს, რომ სექსუალური ძალადობის მიმოხილვა ქალაქ ოლდჰემში 2022 წელს გამოქვეყნდა და მხოლოდ 2011-2014 წლების პერიოდს მოიცავდა. მოსახლეობას სურდა, მთავრობას გამოძიება ჩაეტარებინა. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებში საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეს ფილიპსმა კი ქალაქის საბჭოს მიწერა, რომ გამოძიების ჩატარება ადგილობრივ დონეზე აჯობებდა.
„ეს არის სკანდალი, რომელიც სრულად უნდა აღმოიფხვრას და ბრიტანეთის სახელმწიფომ სრული ძალით გამოიძიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას არ სურს მაღალჩინოსნების შეცდომებში ჩაძიება. ეს ახალი არ არის. ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, ქუჩებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებიც შექმნილია საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების დასაცავად, ხელისუფლებამ შეგნებულად დახუჭა თვალი ძირითადად თეთრკანიან ბავშვებზე საშინელ სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც პაკისტანური წარმოშობის ბანდები ახორციელებდნენ.
დროთა განმავლობაში სექსუალური ძალადობის შესახებ დეტალები გაირკვა როტერჰემში, ტელფორდში, როჩდეილში და ათეულობით სხვა ადგილას. ვინაიდან ისტორიები ნაწილ-ნაწილ ქვეყნდება, ხოლო დეტალები იმდენად საშინელია, რომ მათი წაკითხვა შეუძლებელია, სკანდალის სრული მასშტაბი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა The Telegraph-ს სტატიაში რამდენიმე საქმის დეტალებს აღწერს.
„ტელფორდში 2 000 წელს ლუსი ლოუ 16 წლის ასაკში გარდაიცვალა დედასთან და დასთან ერთად, როდესაც მოძალადემ მის სახლს ცეცხლი წაუკიდა. მისი სიკვდილი შემდგომში სხვა ბავშვების დასაშინებლად გამოიყენეს.
ტელფორდში 12 წლის ერთ-ერთმა დაზარალებულმა დედას მოუყვა ძალადობის შესახებ და დედამ პოლიციას დაურეკა, მის სახლში შვიდი აზიელი კაცი მივიდა და მას დაემუქრნენ, რომ დაწვავდნენ მის სახლს, თუ განცხადებას არ გამოიტანდა.
ქალაქ როტერჰემში, პოლიციის უფროსმა ოფიცერმა დაზარალებულის მამას განუცხადა, რომ ქალაქი „აფეთქდებოდა“, თუ პაკისტანელი მამაკაცების მიერ თეთრკანიან ბავშვებზე ძალადობა საჯარო გახდებოდა.
15 წლის მსხვერპლის მამას კი უთხრეს, რომ თავდასხმა შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მისი შვილი „გაკვეთილს ისწავლიდა“, – აღნიშნულია საქმეების მასალების ამონარიდებში.
როგორც გამოცემა წერს, როტერჰემში 2014 წლის გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვებს „ბენზინს ასხამდნენ და დაწვით, იარაღით ემუქრებოდნენ“.
„ხალხი როდესაც ცდილობდა ამ საკითხის წამოწევას, მათ აჩუმებდნენ. 2004 წელს, მე-4 არხის დოკუმენტური ფილმი ბრედფორდში სექსუალური ძალადობის შესახებ გადაიდო მას შემდეგ, რაც პოლიციის ძალებმა გააფრთხილეს, რომ მტკიცებულებამ, რომ „აზიელი მამაკაცები ძალადობენ ახალგაზრდა თეთრკანიან გოგონებზე“, შეიძლება, გააღვივოს რასობრივი დაძაბულობა“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, 2022 წელს, დამოუკიდებელი მიმოხილვის სრულად გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციის ოფიცრებმა ქალაქ ტელფორდის ზოგიერთი რაიონი აღწერეს, როგორც „აკრძალული ზონა“, ხოლო მოწმეები გამოვიდნენ ბრალდებებით პოლიციაში კორუფციისა და პაკისტანური თემის მიმართ ფავორიტიზმის შესახებ. გამოძიებამ დაადგინა, რომ „არსებობდა მღელვარება რასობრივი თემის გამო და „აზიური“ თემის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სურვილის ნაკლებობა“.
„პრობლემის მასშტაბის უარყოფა ღრმად არის ფესვგადგმული ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემაში. საქმე როდესაც შეეხო ძირითადად პაკისტანელი მამაკაცების ბანდებს, რომლებიც ძალადობდნენ ძირითადად თეთრკანიან ბავშვებზე, სახელმწიფომ ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. საზოგადოებაში ურთიერთობების სასიკეთოდ, მას ეს ამბავი უნდა დაემარხა“, – ნათქვამია სტატიაში.
The Telegraph-ი წერს, რომ საზოგადოების შეშფოთებამ გამოიწვია თავდამსხმელების დაცვამაც. როგორც როტერჰემში 2014 წელს გამოძიებამ დაადგინა, სულ მცირე, ორ შემთხვევაში მამებმა შვილების ადგილსამყოფელი დაადგინეს და ცდილობდნენ მათ გაყვანას, პოლიციამ კი მამები დააკავა.
„ერთ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლმა გაბედა, პოლიციაში წავიდა და ჯერ კიდევ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მიიღო მესიჯი მოძალადისგან, რომელშიც ეწერა, რომ მას ჰყავდა 11 წლის და და ახლა „არჩევანი მასზეა“. ბავშვმა არჩია საჩივარი არ წარედგინა“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, ეს ისტორიები მოიცავს ქალაქების მხოლოდ მცირე რაოდენობას.
„უფრო ფართო სურათი ნათელია. ასევე ნათელია შედეგები: არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე არასდროს დაუპატიმრებიათ თანამდებობრივი დანაშაულის გამო. საზოგადოების მრისხანება მატულობს. ძალადობა შეიძლება, კვლავ ხდებოდეს, რადგან სახელმწიფომ ვერ იმოქმედა სათანადოდ ადრე“, – აღნიშნულია სტატიაში.
1tv.ge