საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის წარმომადგენლების აქტიურობას თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სახის სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაში, შესაძლოა, ამ ქვეყნისთვის მოულოდნელი და რთული შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ტელეგრამარხში დაწერა.
„ვშიშობ, რომ სომხეთის წარმომადგენლების მზარდ აქტიურობას ყველასთან და ყველაფერში თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სახის სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერაში, შესაძლოა, ამ ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის მოულოდნელი, რთული შედეგები მოჰყვეს. კითხვებს ბადებს ხსენებული დოკუმენტების შემუშავების სერიოზულობა და მისი თავსებადობა სომხეთის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებთან სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. მათ შორის, ეს ეხება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს და კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციას. ისტორიიდან ცნობილია, რომ აზარტს პოლიტიკაში ხშირად მოაქვს მოულოდნელი შედეგები“, – წერს კარასინი.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთმა და აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
1tv.ge