უცხოეთი
Trend.az-ი - საერთო მიზნებით, ურთიერთნდობით გაერთიანებული აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან, შექმნან სამხრეთ კავკასიის მომავალი

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასია დომინანტი ხდება გლობალურ ასპარეზზე, სადაც აზერბაიჯანი და საქართველო გამოირჩევიან, როგორც მთავარი რეგიონული მოთამაშეები, – ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის, Trend.az-ის სტატიაშია აღნიშნული.

როგორც გამოცემა წერს, ცვალებადი გეოპოლიტიკის ფონზე აზერბაიჯანის მცდელობებმა, გააღრმაოს ურთიერთობები მეზობლებთან, ხაზი გაუსვა ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მეგობრობის ხანგრძლივი ისტორიის საფუძველზე, აზერბაიჯანი და საქართველო აგრძელებენ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობის გაღრმავებას.

„აზერბაიჯან-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები კვლავ ძლიერია და 2024 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ორმხრივმა ვაჭრობამ 730,22 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ენერგეტიკა არის აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედი და საკვანძო პროექტებმა, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ფუნქციონირებს 2006 წლიდან, და ბაქო-თბილისი-ერზრუმის (BTE) გაზსადენი, რომელიც დაიწყო 2007 წელს, შეცვალა რეგიონული ენერგეტიკული ლანდშაფტი“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ასევე წერს შუა დერეფნის გაფართოების საკითხზეც და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ძირითადი მოთამაშეები არიან შუა დერეფანში, რომლებიც აკავშირებენ ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ინვესტიციებითა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალის გახსნა.

„ვინაიდან აზერბაიჯანი ხელს უწყობს სტაბილიზაციას სამხრეთ კავკასიაში, მისი თანამშრომლობა საქართველოსთან ქმნის საფუძველს მდგრადი განვითარებისა და გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისთვის. საერთო მიზნებითა და ურთიერთნდობით გაერთიანებული აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან, შექმნან სამხრეთ კავკასიის მომავალი“, – აღნიშნულია სტატიაში.

1tv.ge