საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს „მეზღაპრეს“ უწოდებს.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ემანუელ მაკრონის განაცხადები ბირთვული იარაღის შესახებ მოწყვეტილია ცხოვრებიდან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს.
მარია ზახაროვამ საფრანგეთის პრეზიდენტი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა და „ატომური ოლე-ლუკოიე“ უწოდა, რომელიც ცდილობს, ევროპაში თავისი ბირთვული ქოლგა გაშალოს.
„ოლე ლუკოიე“ არის ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული ზღაპარი, რომელიც დაფუძნებულია ხალხურ ზღაპარზე. აღნიშნულ ზღაპარში საუბარია მითიური არსების შესახებ, რომელსაც ბავშვები დასაძინებლად მიჰყავს და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგად ან ცუდად იქცეოდნენ, აჩვენებს მათ სხვადასხვა სიზმარს. თითოეული მკლავის ქვეშ ის ქოლგას ატარებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წინადადებით გამოვიდა, გახსნას დებატები იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.