აქტუალური
რუსი პრანკერები ავრცელებენ მორიგ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ვიდეოში აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი პოლ მასარო აცხადებს, რომ საქართველოში, შესაძლოა, „მაიდანი“ მოხდეს, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

პოლ მასაროს, რომელიც ასევე ასრულებს „ჰელსინკის კომისიის“ აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას, რუსი პრანკერები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ იელისიეიევის სახელით დაუკავშირდნენ.

პრანკერების შეკითხვაზე, რა ხდება ახლა საქართველოში და როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, პოლ მასარომ უპასუხა: „საქართველოში, შესაძლოა, „მაიდანი“ მოხდეს. ჩვენ ძალიან ვცდილობთ და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში აქციები მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობ, ისინი წარმატებას მიაღწევენ“.

პოლ მასარომ ასევე აღნიშნა, რომ კონგრესში, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ ახალ ძლიერ კანონმდებლობას საქართველოსთან დაკაშირებით.

რუსმა პრანკერებმა პოლ მასაროს შეკითხვა დაუსვეს „იუესეიდის“ და „ნედის“ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც მასარომ უპასუხა, რომ „იუესაიდი“ და „ნედი“ ხელს უწყობდნენ იდეოლოგიას საზღვარგარეთ, რომელიც არ არის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში.

ეს არის მემარცხენე ვოუქიზმის იდეოლოგია. ზოგი რამ გადაჭარბებულია, ზოგი კი მართალია. ამ სააგენტოებს, დიდი ხანია, რეფორმა სჭირდებოდათ. მსოფლიოს თქვენ მხარეში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, მათ ჰქონდათ ძალიან პროდუქტიული პროექტები. მათ მიერ შესრულებული ბევრი სამუშაო, სავარაუდოდ, და ჩანს ძალიან აშკარად, არალეგალური და არაკონსტიტუციური იყო“, – განაცხადა პოლ მასარომ.