საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესი, არამედ გლობალური ომის ძალების მიზანია, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ.
„ლატვიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდეა და რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე არ არისო. ეს ის მთავარი ამოსავალი პასუხია, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოწადინებულები არიან, რომ საქართველო-რუსეთს შორის ისეთი კონფრონტაციული ვითარება იყოს, რაც, მათი გაგებით, მათ საზღვრებს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს გახდიდა. საქართველოს მიმართ მათ ქმედებებს სხვა ახსნა არ გააჩნია. მეორე ფრონტის საკითხი აქტუალურია. საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ. საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა მიზანი რომ იყო, სახეზეა. ეს ჩანდა როგორც საგარეო განცხადებებიდან, ასევე ქვეყნის შიგნით მაპროვოცირებელი პროცესებით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებით და იმ შეხვედრებიდან, რომლებიც მაშინდელ თანამდებობის პირებთან უცხოელი ელჩების მონაწილეობით იმართებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ლატვიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდეა, მიუთითებს იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ საქართველო-რუსეთს შორის კონფრონტაციული ვითარების შექმნას, რათა საკუთარი უსაფრთხოება გააძლიერონ.
ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა გლობალური ომის ძალების მიზანია, რაც ჩანს როგორც საგარეო განცხადებებიდან, ასევე ქვეყნის შიგნით მაპროვოცირებელი პროცესებითა და რადიკალური ოპოზიციის განცხადებებით.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ გამოხატული მწვავე დამოკიდებულების მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასიიდან ცეცხლი უნდა გახსნილიყო, რაც რუსეთისთვის მძიმე მოვლენა, ხოლო საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა.
ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერილი მოთხოვნა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გამოიწვევდა არა მხოლოდ ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას, არამედ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ან პროქსი ომის წამოწყებას საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნებოდა.
მან დასძინა, რომ ომის მიზანი რუსეთისთვის გეოპოლიტიკური მარცხის მიყენება იყო, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, მოხდება თუ არა ეს და, თუ მოხდება, საქართველო დარჩება თუ არა.