უცხოეთი
მარია ზახაროვა - რუსეთი შეშფოთებულია, რომ ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები, ორ საათზე მეტია, ვერ უკავშირდებიან რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებს

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი შეშფოთებულია, რომ ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები, ორ საათზე მეტია, ვერ უკავშირდებიან რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა.

ზახაროვას თქმით, ბაქოში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლებს არ აძლევენ უფლებას, მოინახულონ რუსი ჟურნალისტები.

„ამ ქმედებების მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ვღელავთ ჩვენს ჟურნალისტებზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ბაქოში რუსეთის საელჩომ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის საგარეო უწყებას, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

„პასუხი არ არის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიციამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავა.

1tv.ge