საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ორი წლის წინ ზუსტად ამ სცენიდან, ამ დარბაზში საუბარი და დისკუსია მიმდინარეობდა აბრეშუმის გზაზე, შუა დერეფანზე, დღეს, 2025 წლის 22 ოქტომბერს საუბარი გვაქვს შუა დერეფნის რეალურ პოზიციაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ალი ასადოვის თქმით, მშვიდობის მნიშვნელობა არის გადამწყვეტი. ალი ასადოვმა შუა დერეფნის სატრანსპორტო გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ბოლოდროინდელი მოვლენები და სამხრეთ კავკასიაში მოვლენების განვითარება არის გადამწყვეტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მონაწილეებიც დამეთანხმებიან, რომ 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ალიევმა მყისიერად განაცხადა, უნდა შევიკრიბოთ და ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებასო, ეს ჰაერში დარჩა, მაგრამ დღეს უკვე რეალობაა. ამ წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი დასხდნენ, ისაუბრეს, ისტორიული ნაბიჯები გადადგეს და ინიციირებული შეთანხმება გაფორმდა მშვიდობისთვის. ეს არის, პრაქტიკულად, მზა ინსტრუმენტი უმაღლეს დონეზე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ხელში, მზად ვართ და ალბათ დროთა განმავლობაში აშკარად დავინახავთ მის ძლიერ დატვირთვას. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ბატონმა ალიევმა ბრძანა, ბოლო დროინდელი მოვლენები თვალხილულიაო, ეს ეხება საქონლის მოძრაობას, შეზღუდვების მოხსნას ტვირთბრუნვაზე და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ მიმართულებით იდგმება და ეს გაგრძელდება, შუა დერეფანს ეს დაეტყობა. ვნახეთ, რომ შუა დერეფნის გამოყენებით ტვირთბრუნვა ბოლო 2 წლის განმავლობაში 90%-ით გაიზარდა, ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. ეს მეტყველებს, რომ არის სიცოცხლისუნარიანი, უსაფრთხო მარშრუტია და დროული, არ არის არანაირი ბარიერი, დაბრკოლება და მოძრაობს საქონელი, ტვირთები.
ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ვფლობთ და ვართ ავტორები ამ დერეფნის. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველა სახელმწიფომ მეტი სარგებელი მიიღოს ამ ტრანსპორტირების საფუძველზე. რა თქმა უნდა, განაცხადების გარდა, ქმედება უნდა იყოს. უნდა იყოს კომფორტული, უსაფრთხო მარშრუტი და საქონლის გამგზავნი თავისი გათვლებით სარგებელს უნდა იღებდეს კომერციული ოპერაციებიდან. ამ ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. აზერბაიჯანმა ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით, მილიონობით დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ და გვაქვს პორტი. მიგვაჩნია, რომ ეს პორტი დაგვეხმარება საქონლის მომსახურებაში აზიიდან ევროპაში და ჩინეთიდან ევროპაში. უფრო ოპერატიულად მოხდება ამ საქონლის მომსახურება კასპიის ზღვიდან. ეს მოქნილობა მიწოდების ჯაჭვში ძალიან გვეხმარება. ჩვენ დიდი სატრანსპორტო რესურსი გვაქვს, გვაქვს ფლოტი, 11 ახალ ხომალდს ვაშენებთ ახლა. ბევრს ვმუშაობთ, რომ ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, შესაძლებლობა განვითარდეს. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, უფრო მეტი სარკინიგზო ტვირთბრუნვა გქონდეს ბაქო-თბილისი-ყარსის საშუალებებით. უკვე ვთქვი, რომ ეს პოტენციალი 5-ჯერ გაიზარდა, 5 მილიონი ტონის მომსახურება ხდება ამ მარშრუტით და მეტიც გვექნება, ასევე გავზრდით შესაძლებლობებს სხვა მიმართულებითაც“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
ალი ასადოვის განმარტებით, „შუა დერეფანში ახალი მარშრუტებიც არსებობს, ეს არის კავშირი აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის და ამ მარშრუტის შექმნა და გახსნა ახალ ალტერნატივას აჩენს“.
„ახალი გზები ნიშნავს ახალ ტრანზიტს. ამიტომ ჩვენ მეტი ძალისხმევა გვიწევს, რომ მეტი საქონელი შევქმნათ ტრანსპორტირებისთვის. მეტი საქონელი როცა იქმნება, მეტი შესაძლებლობა იარსებებს. მიმაჩნია, რომ დივერსიფიკაცია, მრავალფეროვნება მანამდე უნდა გაჩნდეს, ვიდრე საქონელი მოადგება ჩვენს პორტებს. სწორედ ამიტომ ხდება განვითარება და განვრცობა ჩვენი ინფრასტრუქტურის. ახალი შესაძლებლობები ჩნდება, დღევანდელი რეალობა ბევრ სიახლეს გთავაზობს. ამ შესაძლებლობებს როცა ვიაზრებთ, ვხედავთ, რომ ცენტრალური აზიიდან მოდის ტვირთი, ჩინეთიდან მოდის ტვირთი, ეს მარშრუტი იყენებს აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას, საქართველოს, დასავლეთისკენ მიემართება, თურქეთში მიემართება. ეს ნიშნავს, რომ დიდია დატვირთვა და მოთხოვნა. ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს ტრანზიტისთვის. უხვად აქვს აზერბაიჯანს როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ჩვენი პოტენციალი ასობით წლის რესურსს გვთავაზობს.
დღევანდელ გამოსვლებში ჩემს კოლეგებს ვუსმენდი და მოვინიშნე, რომ ახლა უფრო მწვანე ვხდებით, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ვანიჭებთ მწვანე ენერგიას. ჩვენ ვუერთდებით იმ პროგრამებს, რომლებიც გლობალურად იქმნება მზის და ქარის ენერგიის გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ ინიციატივას და ჩვენი ამბიციაც იზრდება ამ მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ენერგომატარებლები, ენერგორესურსი ჩვენთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და ინსტრუმენტი. აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა და შემდეგ სხვა ქვეყნები რეალობად აქცევს შუა დერეფანს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გათვლები და კალკულაცია, კონკრეტული რიცხვები. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო ფორუმებზე ამ თემაზე ბევრს ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.