აქტუალური
PACE: საქართველოს საკითხზე მომხსენებლები შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელის გამო

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ღრმად შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, „სოციალისტური პარტია“) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ მოუწოდეს მმართველ უმრავლესობას, „გადახედოს სარჩელს და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა“.

თანამომხსენებლები გეგმავენ, ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში, წლის ბოლომდე თბილისში ჩამოვიდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.