საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი აპირებდა სუპერსახელმწიფოების ახალი კლუბის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც იქნებოდა რუსეთი, ასევე გეგმავდა ევროკავშირიდან რამდენიმე ქვეყნის გამოყოფას, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Defense One-ი წერს.
Defense One-ი წერს, რომ ამ იდეებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობის დროს განიხილავდა და საბოლოოდ ისინი დოკუმენტში არ მოხვდა.
მედიის ცნობით, იდეებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა აშშ-ის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რიგ ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა ისინი ევროკავშირისგან გამოეყო. ესენია: ავსტრია, უნგრეთი, იტალია და პოლონეთი.
ამასთან, დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ნათქვამი იყო: „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი პარტიებს, მოძრაობებს, ინტელექტუალებს და კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც იცავენ სუვერენიტეტს და ინარჩუნებენ/აღადგენენ ტრადიციულ ევროპულ ცხოვრების წესს, ამასთან ერთად, რჩებიან პროამერიკულად“.
ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებდა სუპერსახელმწიფოების ახალი ჯგუფის შექმნას – С5-ს, რომელშიც შევიდოდნენ აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და იაპონია. ეს იქნებოდა ისეთივე არაფორმალური კლუბი, როგორიც „დიდი შვიდეულია“, მაგრამ ამ კლუბის წევრობა არ იქნებოდა განსაზღვრული პოლიტიკური მოწყობით, არამედ მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობით ან ეკონომიკური პოტენციალით. ამ ახალი კლუბის მიერ შესაძლო განსახილველ საკითხებად სახელდებოდა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია.
ამას გარდა, დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში უფრო ხისტად იყო ნათქვამი, რომ აშშ უარს ამბობს გლობალურ დომინირებაზე: „ჰეგემონია – ეს არ არის ის, რაც უნდა გსურდეს და ის იყო მიუღწეველი“. აშშ-ის სწრაფვა ჰეგემონიისკენ ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოცხადდებოდა „ჩავარდნად“.
1tv.ge