საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 12 864 ბიზნესია რეგისტრირებული, აქედან 2 143 მოქმედია - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა bm.ge-ს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად მოსწერა.
უწყების ცნობით, მხოლოდ 2025 წელს საქართველოში 250 ირანული ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა.
წლების მიხედვით კი ახალ რეგისტრირებული სუბიექტების სტატისტიკა ასეთია:
2015 - 260 ბიზნესსუბიექტი;
2016 - 886 ბიზნესსუბიექტი;
2017 - 2 152 ბიზნესსუბიექტი;
2018 - 3 156 ბიზნესსუბიექტი;
2019 - 720 ბიზნესსუბიექტი;
2020 - 252 ბიზნესსუბიექტი;
2021 - 240 ბიზნესსუბიექტი;
2022 - 458 ბიზნესსუბიექტი;
2023 - 465 ბიზნესსუბიექტი;
2024 - 379 ბიზნესსუბიექტი.
რეგისტრირებული ბიზნესის ძირითადი სექტორები (2015-2025 წლების ჯამური ტენდენცია):
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი: ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სექტორია, სადაც ყველაზე მეტი რეგისტრაცია 2018 წელს (161 სუბიექტი) დაფიქსირდა.
ტრანსპორტი და დასაწყობება: აქტივობის ზრდა დაიწყო 2019 წლიდან, პიკს კი 2022 წელს მიაღწია (106 სუბიექტი).
დამმუშავებელი მრეწველობა: სტაბილური მაჩვენებლები ჰქონდა 2017-2018 წლებში (28 და 44 სუბიექტი შესაბამისად).
მშენებლობა: მაქსიმალური რაოდენობა (50 სუბიექტი) 2018 წელს დარეგისტრირდა.
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება: მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა 2017 წელს (74 სუბიექტი).
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: 2017-2018 წლებში 24-24 სუბიექტი დარეგისტრირდა.
საქმიანობა უცნობია: აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული სუბიექტების უდიდეს ნაწილს მითითებული აქვს „საქმიანობა უცნობია“. მაგალითად, 2018 წელს ასეთი 2 720 სუბიექტი იყო, ხოლო 2025 წელს დარეგისტრირებული 250 სუბიექტიდან 249-ის საქმიანობა უცნობია.
მოქმედი ბიზნესის ძირითადი სექტორები (2015-2025 წლების ჯამური ტენდენცია):
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების რემონტი: სტაბილურად ლიდერი სექტორია, სადაც ყველაზე მეტი დღემდე მოქმედი კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა (109 ერთეული).
ტრანსპორტი და დასაწყობება: ამ სფეროში მოქმედი კომპანიების რეგისტრაციის მკვეთრი ზრდა 2022 წელს ფიქსირდება (61 ერთეული).
დამმუშავებელი მრეწველობა: პიკი 2018 წელს იყო, როდესაც დარეგისტრირებული კომპანიებიდან დღემდე 31 განაგრძობს მუშაობას.
მშენებლობა: ყველაზე მეტი მოქმედი სუბიექტი 2018 წელს (35 ერთეული) და 2023 წელს (12 ერთეული) დარეგისტრირდა.
განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდება: აქტიურობის პიკი 2017 წელს დაფიქსირდა (55 მოქმედი სუბიექტი).
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნები ამერიკასთან ვაჭრობაზე 25%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან.
ახალი სანქციების მთავარი ადრესატი უდავოდ ჩინეთია, რომელიც წლებია ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ენერგეტიკული გარანტის როლს ასრულებს. 2025 წლისთვის ირანის მიერ ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტი სწორედ ჩინეთმა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი თეირანს არსებობისთვის აუცილებელ ვალუტას აწვდიდა. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი ირანის იმპორტის თითქმის 29%-ს აკონტროლებს და თეირანს აწვდის ყველაფერს დაწყებული მძიმე ტექნიკიდან და ელექტრონიკიდან, სატრანსპორტო საშუალებებით დამთავრებული.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდ დარტყმას თურქეთი და ინდოეთი მიიღებენ. თურქეთი ირანისთვის ერთგვარი ფანჯარაა დასავლურ საქონელზე, ხოლო ანკარასთვის ირანული ენერგორესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ირანისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია.