პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს სურს რამის შეცვლა საქართველოს ქცევაში, ჩვენ უნდა გვესაუბროს – პრობლემა ისაა, რომ არ გვესაუბრებიან

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი არ არიან მზად, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიალოგი უნდა დაიწყოს და ქართული მხარე მზად არის ნებისმიერი თემის განსახილველად, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ამ დრომდე თავს იკავებს პირდაპირი საუბრისგან.

„ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ რამეს - ჩვენ გვჭირდება დიალოგის, საუბრის დაწყება ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ არსებობს დახურული საკითხი. მზად ვართ ყველა საკითხზე ღია საუბრისთვის, ოღონდ ეს საუბარი აუცილებლად უნდა წარიმართოს საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს იმ დიალოგის შინაარსი, რომელიც წარიმართება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპულ ბიუროკრატიას შორის.

მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც, სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხზე - იქნება ეს კანონები, სასამართლო თუ ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.