საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეარხებისგან მის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს.
„ბერა ივანიშვილის სარჩელი ცილისმწამებლური ცნობების გავრცელების თაობაზე შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოპასუხეები არიან შპს „ტელეკომპანია პირველი“ და შპს „ტელეკომპანია ფორმულა“. სარჩელი შეეხება სიცრუეზე დაფუძნებული ცნობების გავრცელებას, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ცნობების სათანადო ფორმით უარყოფასა და მათ ცილისწამებად ცნობას.
სიუჟეტი მთლიანობაში საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია რამდენიმე ფაქტზე, რომლებიც გავრცელდა ყოველგვარი გადამოწმების, სათანადო ჟურნალისტური სიფრთხილისა და შესაბამისი პრინციპების დაცვის გარეშე. ისინი პირდაპირ ეხება დანაშაულის ჩადენის ბრალდებას და გარკვეულ ჰიპოთეტურ კავშირს კრიმინალურ გარჩევებთან. სარჩელის დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ.
ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, სადაც სხვადასხვა ტელეარხის, პოლიტიკოსისა და საჯარო პირის განცხადებები გარკვეულწილად სინქრონულად და შეთანხმებულად ვრცელდება.
ეს სრულიად გაუმართლებელია, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. როგორც მოგეხსენებათ, მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსერი და კომპოზიტორი, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. თუმცა, სამწუხაროდ, მის მიმართ კვლავ ვრცელდება შეურაცხმყოფელი განცხადებები. მოსარჩელეს აქვს უფლება, ამას სამართლებრივი გზებით დაუპირისპირდეს. პირებმა, რომლებმაც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად გაავრცელეს ცილისმწამებლური განცხადებები, უნდა აიღონ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ასათიანმა.