აქტუალური
250 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები

1evroobligaciaთბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 250 მილიონი აშშ დოლარის ნომინალის 5-წლიანი ობლიგაციები განათავსა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის იმ მაგისტრალურ გაზსადენს მართავს, რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, განაცხადა თავის ვებგვერდზე, რომ 9 მაისს განთავსებული ობლიგაციების განაკვეთმა 7.125% შეადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განუცხადა “Financial Times“-ს, რომ ევროობლიგაციებიდან შემოსული თანხები ცაგერის რაიონში დაგეგმილი ნამახვანის კასკადის სამი ჰიდროელექტროსადგურიდან ორის მშენებლობას მოხმარდება. მესამე ჰესი კი კერძო ინვესტიციით აშენდება. 2009 წელს საქართველომ ხელი მოაწერა მემორანდუმს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე კონსორციუმთან, რომელსაც სამხრეთ კორეის სახელმწიფო კომპანია“ Korea Electric Power Corp“ (KEPCO) ხელმძღვანელობს. თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულებულა.

აპრილში მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციათა ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. მთავრობამ, ასევე, განაცხადა, რომ ამასთანავე განიხილებოდა რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მიერ ევროობლიგაციების განთავსების საკითხი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ თვეს გაკეთებული განცხადების თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს რკინიგზა“ მაისში აქციების 25%-მდე გაყიდვას გეგმავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების (Initial Public Offering, IPO) გზით.