თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიამოვნებით შეასრულებენ კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნას და ტაძრის რეაბილიტაციის დეტალებს როგორც საზოგადოებას, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააცნობენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რომ ბევრი რამ არასწორად კეთდება და ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.
ილია მეორემ განაცხადა, რომ საპატრიარქო და მასთან არსებული სპეციალური კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს იუნესკოს წარმომადგენლებთან, ასევე, იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ: ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდერობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩაწერა, რის მიზეზადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელა.