აქტუალური
შავი ზღვის რეგიონული სამართლებრივი კონფერენცია ბათუმში

1-batumi-aqtualuri-3თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“,  იხსნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებული შავიზღვისპირეთის ორდღიანი  რეგიონალური კონფერენცია თემაზე: „თანასწორობის უფლება: კონსტიტუციური დაცვის ფარგლები“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის, ბალტიისა და დასავლეთ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, ვენეციის კომისიის წევრები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: „თანასწორობის უფლების“ სამართლებრივი ასპექტები; უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების ძირითადი უფლებებით სარგებლობის ფარგლები; დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკა თანასწორობის პრინციპის განსაზღვრაში.

კონფერენციის მუშაობა, რომელიც ხვალაც გაგრძელდება, წარიმართება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.