პუბლიკაციები
იაკობიძე: „საქართველოს ეკონომიკამ 1988 წლის დონესაც ვერ მიაღწია, რუსეთში კი ქართული პროდუქციის 80% ფალსიფიცირებული იყო!“

1-analit-iakobidzeსაქინფორმის სტუმარია დავით იაკობიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ფინანსთა ექს-მინისტრი.

– ბატონო დავით, თქვენთან შესახვედრად მომავალმა მძღოლს ფული რომ გავუწოდე, ლარის კუპიურაზე თქვენმა სახელმა და გვარმა კიდევ ერთხელ შემახსენა ის წლები – კუპონებამდე, კუპონების დროს თუ ეროვნული ვალუტის შემოღების შემდეგ... ის ავადსახსენებელი კუპონების პერიოდი – ზოგიერთი ახალი, გამილიონერებული ქართველისთვის ასე ტკბილად მოსაგონარი, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რომ ასე მწარე აღმოჩნდა...

– თუ ფულის რაოდენობრივი მხარე რამეს ნიშნავს, კუპონების დროს ყველანი მილიონერები ვიყავით – მინიმალური ხელფასი – ხუთი,ხოლო მაქსიმალური თორმეტი მილიონი იყო.თავად მე ხელფასი რვა მილიონი მქონდა. მაშინ ერთი ამერიკული დოლარი მილიონ სამასი ათას კუპონს უდრიდა. იმ მინიმალური ხელფასით – ოთხი დოლარით, შიმშილით არ მოკვდებოდი, მაგრამ კომუნალურ გადასახადებსა და სხვა რამეზე ნამდვილად ვეღარ გყოფნიდა. თუმცა კუპონს ის დაემართა, რაც მოსდის ხოლმე ყველანაირ ფულად ერთეულს, თუ არ მოუვლი და არ იცი მისი გამოყენების ხერხი. ჩვენ კი დავაგვიანეთ კუპონის შემოღება – იმ თაობის ეკონომისტებმა არ იცოდნენ, როგორ გაეზომათ, როგორ კვალიმეტრიულ ერთეულს წარმოადგენდა თვითონ ეს ფული. მკითხველისთვის უფრო გასაგებად ერთს გეტყვით: როცა კუპონი შემოდიოდა, მაშინ ჩვენ ჩვენი საკუთარი ფული არ გქონდა, გვქონდა „ნათხოვარი“ რუსული რუბლი. ამ დროს შემოაქვთ კუპონი და ფიქრობენ – რა ერთეული უნდა ყოფილიყო. ვიღაც „გენიოსმა“ გადაწყვიტა – ერთი რუბლი ერთი კუპონით შევცვალოთო. ეს თეორიულად იყო საშინელი შეცდომა, პრაქტიკულად კი – უმწარესი დარტყმა მოსახლეობისთვის, რადგან, თუ ჯიბეში გედო ერთი მანეთი, ამით, ვთქვათ, ერთ კოლოფ ასანთს იყიდიდი, მაგრამ თუ იგივე ფული ანგარიშზე გედო, იმ ერთ კოლოფ ასანთსაც ვერ ყიდულობდით, რადგან ის ვერ ხდებოდა რეალური მანეთი. ამიტომაც მიდიოდა უსაქონლო ოპერაციები. მაგალითად, თუ ქარხანას 5 მილიონი ჰქონდა, მივიდოდა ბანკში, ქრთამს გადაიხდიდა და ხუთს კი არა, ნახევარ მილიონს გამოიტანდა და ვითომ ყიდულობდა ბანანს, ურიგებდა მუშებს. ეს იყო პრაქტიკა.

ახლა წარმოიდგინეთ: ხუთი მილიონი რომ აქვს და ნახევარი გამოიტანა, ისიც გაუტოლეს კუპონს და ისიც, რაც მე ჯიბეში მქონდა, ე.ი. 10-ჯერ მეტი კუპონი გამოუშვეს მიმოქცევაში, ვიდრე საჭირო იყო. ამ სიტუაციას მართავდა რუსეთის ცენტრალური ბანკი, კერძოდ კი, გერაშჩენკო. ის კარგად ხედავდა ამას, შექმნა ბალტიის სავალუტო ბირჟა და ჩვენთან ჩარჩენილი რუსული მანეთი იმ ბირჟაზე 47კაპიკად იყიდებოდა. ე.ი. ჩვენთან არსებული რუსული 100 მილიონი დაახლოებით რუსეთში მოძრავ  50 მილიონს უდრიდა. ქართველებმა, რაკი რუსეთში ასე იყო, გაუტოლეს 100 მილიონს. ანგარიშებზე არსებული ფული კი თავისი მყიდველობითი უნარით 5-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ჯიბეში არსებული თანხა. ამიტომაც მიიღეს მეტობა – მაშინ ვიანგარიშე და 60 მილიონით მეტი რუსული ფული გამოუშვეს მიმოქცევაში. ამიტომ როგორც კი კუპონი გამოვიდა, შეგეძლო გეთქვა, რომ 10 დღეში 100%-იანი ინფლაცია იქნებოდა.

დაიწყო ხალხმა ამ კუპონების რუბლებზე გაცვლა. რუსებმა დიდი გავლენა მოახდინეს კუპონზე, როცა ქართველებთან ბარტერული გაცვლა დაიწყეს, ოღონდ პირობა დაუდეს – –რუბლებით დაგვიბრუნებთო. აქ ჩარჩენილი რუბლიც გაიტანეს, მის ადგილს კი უკვე გაუფასურებული კუპონი იჭერდა.

როცა 1993 წლის აპრილში კუპონი გამოვიდა, იმავე წლის სექტემბერში 25 კუპონი ერთ რუბლს უდრიდა. მერე შემოდგომაზე მთავრობამ სოფლის მეურნეობისთვის კრედიტები გასცა. ხალხმა ეს ფული მეურნეობას კი არ მოახმარა, არამედ დოლარი იყიდა. ამან კი ის გამოიწვია, რომ ერთი რუბლი ათას კუპონს გაუთანაბრდა.

პარალელურად, ინფლაცია მიდიოდა რუსეთშიც... 1994 წლის იანვარში ერთმა დოლარმა მილიონ სამასი ათას კუპონს მიაღწია. ამ დროს ეროვნულ ბანკს სათავეში ნოდარ ჯავახიშვილი ჩაუდგა, მე ფინანსთა მინისტრად დავინიშნე. ჩავკიდეთ ხელი ხელს, სხვებიც დაგვიდგნენ მხარში. 1995 წლის ნოემბრისთვის უკვე ეროვნული ვალუტა – ლარი შემოვიდა. ვიფიქრეთ, რა ნომინალი გაგვეკეთებინა, და გადავწყვიტეთ, ლარის ფასი დამთხვეოდა კომუნისტების დროინდელ მანეთის ფასს. ამით ადამიანების ფსიქოლოგიაზე ვიმოქმედეთ, რომ ნოსტალგია არ გასჩენოდათ – ნოსტალგია ძველი ცხოვრებისა... უბრალოდ, ეს ხალხი იმდენს ფიქრობდა ახალ, დამოუკიდებელ საქართველოზე, იმდენი ირბინა რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე „ზვიადის“ ძახილით, ისე ნათლად და ლაღად წარმოედგინა თავისი მომავალი, რომ, როცა დადგა – რუსულად ვიტყვი – „უ რაზბიტოგო კარიტა“, აღარაფერი შერჩა ხელში! სწორედ ამან გამოიწვია მათში ნოსტალგია.

ტრანსპორტის, პურის გადასახადი იგივე იყო, რაც კომუნისტების დროს, ოღონდ – ლარებსა და თეთრებში... ლარი ერთი დოლარსა და 30 ცენტს უდრიდა. დროდადრო სხვადასხვა ქვეყანაში მონიტორინგსაც ვატარებდით და როცა ჩვენები სომხეთსა და აზერბაიჯანში მიდიოდნენ და, ვთქვათ,საწვავისთვის ლარს შესთავაზებდნენ, ისინი სიხარულით ართმევდნენ – ეს ხომ როგორც დოლარი, ისეაო... მერე ისიც გავიგეთ, რომ არძინბაც ლარებში იღებდა ქრთამს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენს ლარს თურქმენეთშიც იღებდნენ.

1997 წელს უკვე ძალიან „ივაჟკაცეს“ იმ თაობის ეკონომისტებმა (მათი გვარები კი... იცით, ზოგი მათგანი დღეს ქვეყნიდან გაქცეულია). ეს ლარი უკვე 2 დოლარამდე აიყვანეს, ავტორიტეტი დაუკარგეს და უკვე საშიში ვალუტა გახდა – ხვალ რა დაემართებოდა დოლართან მიმართებაში, არავინ იცოდა. სტაბილურობის დაკარგვასთან ერთად მისი ავტორიტეტიც შეილახა.დღეს მთელი ბაზარი რომ აიღო, დოლარიზაცია 70%-მდეა.

ამასწინათ უნივერსიტეტში ლექციას ვკითხულობდი. ადგა ერთი სტუდენტი, გვარად დეისაძე, და თქვა – თუ ასეა, ბარემ იყოს მიმოქცევაში დოლარი, რაღად გვინდა ლარიო. მე ავუხსენი: მე, თქვენ და იმ ხალხმა, ვისაც არ გვაქვს დოლართან შეხება, რა დავაშავეთ- მეთქი? იმ 200 000 კაცის გამო, რომლებიც დოლარზე მუშაობენ, ეროვნული ვალუტა გავაუქმოთ?.. ამ დეისაძეს, რომელიც, მაგისტრანტი იყო, თუ არ ვცდები, იმიტომ მოუვიდა ასეთი თამამი აზრი, რომ ალბათ წაიკითხა ეკონომიკის „დიდი სპეციალისტის“ –ბენდუქიძის, იდეები და გაუჩნდა ასეთი „სიმეტრიული“ მოსაზრება...

– სულ მაინტერესებდა იმ ავადმოსაგონარი „ინდექსაციის“ ამბავი, რომლის წყალობითაც ჩემი ბებიებისა და თქვენი მშობლების თაობას „დასამარხი“ფულიც კი აღარ შერჩა... მოსახლეობამ ეს 90-იანი წლების „დიდ აფერად“ შერაცხა...

ხომ გითხარით, კუპონის შემოღებას რა შეცდომაც უსწრებდა წინ... იმავე ხალხმა გააკეთა ეს... სინამდვილეში კი ასე მოხდა: რუსეთს ძალიანაც ხელს აძლევდა, რომ რუსულ რუბლს ეტრიალა საქართველოში. საწარმოების პატრონები გადასახადებს გვიმალავენო, –ქართველებმა შესჩივლეს რუსებს. მათ ჰკითხეს – ამას როგორ ახერხებენო?.. პასუხიც მიიღეს – საწარმოს ანგარიშები ხომ აქვს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში და იქ რიცხავენ ფულს და ჩვენ კი ვეღარ ვპოულობთ, ამიტომ, მოდი, ეს გადარიცხვები ჩავჭრათო. გერაშჩენკოც ადგა და ამ ჩვენი ქართველების თხოვნით ჩაჭრა ეს გადარიცხვები. ეს მან მე თავად მიამბო მადრიდში ყოფნისას... და ქვეყანაში ფული აღარ იყო. ამიტომაც მოიფიქრეს და შესთავაზეს ხალხს – შემოიტანეთ ბანკებში თანხა და ერთ წელიწადში ერთ-ნახევარჯერ მეტს გაიტანთო. მაგრამ ამის მიუხედავად, ხალხი მაინც ყოყმანობდა, მერე თანხების გაორმაგება შესთავაზეს და ხალხსაც მეტი რა უნდოდა! საქართველოში სულ 4 200 000 მეანაბრე იყო. ეს ხალხი ვითომ ამ ბანკების აქციონერები გახდნენ, წლის ბოლოს კი მათ უთხრეს – რა დივიდენდები, წაგებაზე ვმუშაობთ და გავკოტრდებით, თუ სხვა ბანკს არ შევუერთდითო. ხალხიც დათანხმდა. ესენი კი მერე საერთოდ გაქრნენ!..

მე ვიანგარიშე და ექსპერტული გაანგარიშებით, სულ 8 მილიონია მიტაცებული, თუმცა დოკუმენტებით ამას ვერ დავამტკიცებ. ეს ის 4 200 000 კაცი იყო,რომელიც  გამოექანებოდა რუსთაველიდან მაშინდელი ლენინის მოედნისაკენ „ზვიადის“ თუ „ჯაბას“ ძახილით!.. თვითონ დავანგრიეთ ეს ეკონომიკა, ამ ფულს დავუკარგეთ ფასი... ამას, რა თქმა უნდა, მთავრობის შეცდომებიც დაერთო...

...ჩვენ დავიწყეთ ინდექსაციები და 1956 წლამდე ვისაც ჰქონდა ანაბარი, ყველას ავუნაზღაურეთ იმ ნომინალით, რის საშუალებასაც იმდროინდელი ეკონომიკა იძლეოდა. შემდეგი ეტაპი იყო, მოვსულიყავით 1982 წლამდე, მაგრამ ძალიან გვიჭირდა 90-იანი წლების მერე და იცით, რატომ? რომ გამოკითხოთ ის მეანაბრეები, ვისაც 11 მილიონი რუბლი აქვს, საიდან აქვთ ეს ფული, ამდენის დაგროვება როგორ შეიძლებოდა კომუნისტების დროსო, ათასნაირ ზღაპარს ჰყვებიან... ხანდახან ძალიან მტკივა გული – ჩვენ ის თაობა აღმოვჩნდით,რომელიც ამ ახალ თაობას ვერ ეუბნება, რატომ არიან ამ დღეში და არც თავისი მშობლების თაობასთან არის მთლად პირნათელი...

შეიძლება მე, პირადად, თავი არ დამიზოგავს, მაგრამ მაინც იმ თაობისა ვარ, რომელმაც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – რაც არის და რაც იყო...

– საბჭოთა დრო გავიხსენეთ... მე ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მაშინდელი საბჭოთა დევიზები: „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!“.. ახლა ჩვენმა „ახალმა საქართველომ“, რომელმაც „არსებობა“  2003 წელს დაიწყო, ეს დევიზი შეცვალა: „დავეწიოთ და გავუსწროთ რუსეთს!“ ბატონო დავით, ჯერ რამდენად ჯანსაღია ეს მოსაზრება და მერე – რამდენად რეალურია, რომ პატარა საქართველომ დიდ რუსეთს გაუსწროს?

ეკონომიკამ, თუ კარგად მართავ, პატარა და დიდი არ იცის. მაგალითად, დანიაში ერთ სულ მოსახლეზე იმდენი აქვთ შემოსავალი,რომ ამერიკასაც უსწრებენ, ჩინეთსაც და რუსეთსაც... თუ ერთ მოსახლეზე აიღებ და კარგად ააწყობ ეკონომიკას, ვის არ გაასწრებ, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ჩვენ იმას კი არ ვცდილობთ, რომ დავეწიოთ, ვაჯობოთ და გავუსწროთ რუსეთს, არამედ, თითქოს გვინდა, ჯავრი ამოვიყაროთ რუსეთზე; თითქოს რაღაც შეჯიბრში ვიწვევთ რუსებს, რაც, რა თქმა უნდა, არაა რაციონალური არც პოლიტიკისთვის, არც სამეზობლო ურთიერთობების პერსპექტივისთვის, რადგან როგორ და რა სიტუაციაშიც უნდა ვიყოთ, რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის გვექნება და დაგვჭირდება. მეზობელს არ ირჩევენ – განგებამ ასე დააწესა, რომ მეზობლები ვართ. მათთან სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს – დასაბრუნებელია ჩვენი მიწები: აფხაზეთი, სამაჩაბლო და რუსეთთან საუბრის გარეშე ეს შეუძლებელია, ამ პრობლემის გასაღები რუსეთში დევს... იმის ლოდინი კი, რომ რუსეთი დაიშლება და მხედველობაში მისაღები მისი ფაქტორი აღარ იქნება, აბსურდია! ამიტომ სხვა განზომილებებით უნდა ვიმუშაოთ – ჩვენ რუსეთს კი არა, საკუთარ თავს უნდა დავეწიოთ. 1988 წელს რომ ვიყავით ეკონომიკაში, იმ დონეზეც არ ვართ დღეს.

მეტსაც გეტყვით: 2000 წელს, ხომ ამბობენ, ავადსახსენებელიაო, არ მიყვარს 2000 წლის შედარება დღევანდელობასთან, უფრო ხშირად 1997 წელს ვადარებ, რადგან ამ დროს წამოვედი მთავრობიდან და რაც დავტოვე,იმას მინდა ხოლმე, რომ შევადარო; გაეროს მაჩვენებლებით, 2000 წელს ქართველი კაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 71 წელი, ახლა კი 68 წელია. ვის მოვკითხო ამაზე პასუხი? ამას ჰქვია ეკონომიკური განვითარება? მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მოცულობით ვერ დავეწიეთ 1988 წელს.

2000 წელს ჩვენ ვუსწრებდით სომხებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრით, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით, მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული ზრდით, ეროვნული შემოსავლის პროცენტული ზრდით, ერთ სულ მოსახლეზე მატერიალური დოვლათის მოხმარებით და არ არსებობდა მაჩვენებელი განათლების, ჯანმრთელობის სფეროში, რომლითაც ამ ჩამოთვლილ ქვეყნებს არ ვუსწრებდით. ახლა კი მათ ჩამოვრჩებით.

როცა ამას ვამბობ, ვიღაც მიპასუხებს: ვერ ხედავ, როგორ განვვითარდით,კორუფცია აღარ არის, რომ ქუჩაში მშვიდად შეგიძლია იარო, რომ გაიოლებულია ბიზნესი... კი, ბატონო, არ გედავები, მაგრამ აქ რა შუაშია ეროვნული შემოსავალი და მთლიანი შიდა პროდუქტი? მე სხვა რამეზე გელაპარაკები და ამაში ჩამოვრჩით. რატომ მიცვლი თეზისს? საქართველო დაწყებითი განათლების სისტემით 120-ე ადგილზე არასოდეს ყოფილა. ახლა კი არის! ახლა ბავშვები, რომლებიც დღეს 9 წლისანი არიან, 16 წლის მერე ხომ მინისტრები იქნებიან, ვერა ქობალიას ასაკს თუ გავითვალისწინებთ? მაშინ რა გვეშველება?.. ვერა ქობალია სანატრელი გაგვიხდება, ისე მიდის საქმე.

– ბატონო დავით, დღეს ვხედავთ, ერთი მხრივ, რუსებისთვის მუშტების ქნევის პოლიტიკას, მეორე მხრივ კი, სტრატეგიულ ობიექტებს, რუსებზე გასხვისებულს... თუ ისედაც ვერ ვძლებდით ამ რუსული კაპიტალის და, საერთოდ, რუსეთის გარეშე, რაღას ვკიოდით ისტერიკულად? რუსეთის ბაზრის დახურვამ ხომ ქართველ გლეხზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა?

სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დღემდე გაუგებარია. ეს არის რაღაც ირაციონალური ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ბოლომდე ვერ გავთვალეთ. მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაშიც და რუსეთშიც ჩვენი პროდუქციის 80% იყო ფალსიფიცირებული. რუსეთმა სამართლიანად გამოთქვა ამის შესახებ პრეტენზია, ჩვენ კი აქედან ავუტეხეთ ერთი ამბავი, ნაცვლად იმისა, რომ ისევე მოვქცეულიყავით, როგორც უკრაინასთან – ჩავიდნენ ჩვენი სპეციალისტები და ნახეს, რომ იქ ექსპორტირებული „ბორჯომის“ მხოლოდ 20% იყო  ნამდვილი. გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა, ეს არ ვიცი, თუმცა სიტუაცია რაღაცნაირად ცივილიზებულ ნორმებში ჩაჯდა. ასევე შეიძლებოდა რუსეთშიც, მაგრამ მე მგონია, რომ ურთიერთობის დაძაბვას ხელი შეუწყო პიროვნულმა დაძაბულობებმა, ანტიპათიებმა და საერთო ენის გამონახვის სურვილის უქონლობამ...

შევარდნაძე ელცინის მტერი იყო – ასე აღიქვამდა მას ელცინი. როცა ელცინი მოხსნეს, იმ პლენუმზე შევარდნაძემ პირდაპირ თქვა – ელცინმა ხანჯალი ზურგში ჩაგვცაო („კენჟალ ვ სპინუ უდარილ“). წარმოგიდგენიათ? მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ელცინმა თავად თქვა – „ჩტო ბილო,ბილო“... რადგან პოლიტიკაში ასე ხდება – შემდეგ სართულზე რომ იყვნენ ადამიანები, იმათ შორის იყო ურთიერთობები ისევ სახელმწიფოს გამო... მართალია, პრიმაკოვი არ იყო ჩვენ მიმართ კარგად განწყობილი, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან საქართველოში კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ამ რესურსის გამოყენება ყოველთვის შეიძლებოდა... ახლა კი ისეთი თაობა მოვიდა რუსეთშიც, აქაც, რომ ერთმანეთთან საუბრის სურვილიც კი არ აქვთ... რუსსა და ქართველს შორის ჩადგა გაუცხოების კედელი...

– სამაგიეროდ, ჩვენი პრეზიდენტი გვპირდება,რომ ააშენებს სინგაპურს. ყველანაირი სახელმწიფოს მშენებლობას გვპირდებიან, გარდა ქართულისა... რამდენად რეალურია საქართველოს სინგაპურიზაცია?

– ამათ ხან სინგაპური მოსწონთ, ხან – ახალი ზელანდია... და მაგალითები მოჰყავთ.

სინგაპურზე გეტყვით: 1975 წლამდე, სანამ სინგაპურში ის ჯგუფი არ მოვიდა სათავეში, რომელიც ახლაა, სინგაპური მსოფლიოში იყო ყველაზე დიდი, ამსტერდამზე 4-ჯერ დიდი ნავსადგური 3 მილიონი მოსახლეობით. რა სჭირდებოდა მეზღვაურს, რომელიც იქ ჩადიოდა? დოკერი და, უკაცრავად და, ბორდელი. სინგაპური ცნობილი იყო მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ბორდელებით. როცა ხელისუფლებაში ეს ჯგუფი მოვიდა, განაცხადა – თუ გვინდა, რომ ხალხს დავემსგავსოთ, არ დამანახოთ ტრანსეროვნული კორპორაციების კრიტიკა, ნაწნავიანი ბიჭები და პანკები და მე თქვენ აგიშენებთ ქვეყანასო. გახსნა რესტორნები. სინგაპური ყველაზე მრავალრიცხოვანი რესტორნების ქსელითაა ცნობილი. დღეს საქართველოში რომ ადამიანი დადის, სინგაპურს მრავალრიცხოვანი რესტორნები აგონებს...

– და ბორდელებიც შავიზღვისპირეთში, ბატონო დავით...

– მაგრამ დღეს სინგაპურში უკვე ბორდელები აღარ არის...

– ესე იგი, „გადავრჩენილვართ“ სრულ სინგაპურიზაციას...

– იცით, სინგაპურის დღევანდელ მდგომარეობამდე მისაყვანად ამ სამთავრობო ჯგუფს ძალიან ბევრი მკაცრი ღონისძიების გატარება – სიკვდილით დასჯის შემოღება, სოციალურ უზრუნველყოფაზე უარის თქმა – მოუხდა. მას ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა. სინგაპურის მოსახლეობის 96% ჩინელია. პრინციპში, სინგაპური არის ჩინური ანკლავი ინდონეზიაში. ეს ჩინეთისთვის ძალიანაც ხელსაყრელია...

– და საქართველოს სინგაპურიზაცია ვისთვისაა ხელსაყრელი, ბატონო დავით?

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ – არა და არც შეიძლება, გვაწყობდეს... მაგრამ სინგაპურიზაციისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა – პრეზიდენტი უნდა გყავდეს ჭკვიანი, რომ თქვას – ბორდელები არ დამანახვოთო...

სხვათა შორის, აქ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, იცით, როგორი პროექტები ვითარდებოდა კვეზერელის დროს? მოცვის, ნუშის წარმოება... იყო ვიღაც კონსულტანტი, გვარად ვანატა, ამერიკელი ჩინელი, რომელმაც გადახედა საქართველოს და ნახა, რომ გლეხს ჰექტარზე მეტი მიწა არ აქვს. 400000 კაცს აქვს ჰექტარი. იმანაც თავი არ აიტკივა მიწების გამსხვილების პროექტების შეთავაზებით და ტაივანის სოფლის მეურნეობის მოდელი შემოგვთავაზა (ტაივანი ჩინეთზე მიბმულია და რაც უნდა აწარმოოს, ჩინეთში შეაქვს). დღეს ესტონეთზეც ამბობენ, კარგიაო, მაგრამ ესტონეთი არის მილიონ-ნახევარი და ამარაგებს 4-მილიონიან სანკტ-პეტერბურგს. ესტონეთის მოდელი რომ ავიღოთ, ჩვენ რას გვარგებს?!.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვჭირდება არა რეფორმები, ანუ გარეგანი იერის შეცვლა, არამედ – ტრანსფორმაცია, ანუ აზროვნებისა და მიდგომების შეცვლა. სანამ ეს ტრანსფორმაცია არ მოხდება, არაფერი გვეშველება. ტრანსფორმაცია ისაა, როცა იქ –ეკონომიკის სადავეებთან იქნება ის, ვისაც ქართული ეკონომიკის აღმავლობა, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა უნდა და არა – სინგაპურის, ტაილანდის; ის, ვინც გულუბრყვილოდ არ დაიჯერებს, რომ თუ ტურისტი ჩამოვა, მას ხომ ჭამა უნდა და, აბა, სოფლის მეურნეობა არ განვითარდება?.. ეს ხომ ზღაპარია, ამაზე სერიოზული მსჯელობაც არ შეიძლება.

– ბატონო დავით, საქართველოს, საერთოდ, ეკონომიკური განვითარების პროგრამა აქვს?

მე არ მინახავს... 10-პუნქტიანი პროგრამა იყო, რომელიც თავისი შინაარსით სისულელეს წარმოადგენდა. თვითონაც აღიარა მთავრობამ. გამოცვალა ავტორი და ახალი დანიშნა.

ახლა ვინც დაინიშნა, იმისი მხოლოდ დაპირებები ვიცი და პროგრამისა რა მოგახსენოთ. დაპირება კი ეკონომიკაში ან პროგნოზია, ან – პიარი.

– ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრი აშენებასა და დამშვენებას – თაფლის ორმოებს გვპირდება...

– ისეთი ეკონომიკური ზრდა, რასაც ეგ გვპირდება – წელიწადში 30%, არ მომხდარა არცერთ ქვეყანაში და თუ ასე იქნება, ერთი ქართული გამოთქმისა არ იყოს, „მაშინ მე იქ ნუ მქმნა“... ეს არ მოხდება! ოთხმაგდება და ხუთმაგდება ეკონომიკა, როცა არის ობშორი, და თუ ისე გასამმაგდა 4 წელიწადში, როგორც ეგ გვპირდება, მაშინ, იცით, რას მივიღებთ? –  საქართველო აღარ იქნება! ჩვენს თავს აღარ ვემსგავსებით.

ლეონარდო და ვინჩი, იცით, რატომაა გენიოსი? მან თქვა, რომ განვითარება არის თვითმსგავსება. თუ შენს თავს აღარ ჰგავხარ და ისე განვითარდი, მაშინ ვერ განვითარებულხარ...

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი