საზოგადოება
სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ფულადი დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ

1-stiqia-sazogadoeba2თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. კახეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობისაგან ფულადი დახმარება სრულად ამ დრომდე არ აუღიათ.

როგორც კოალიციის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ყვარელის რაიონში დავით ქევხიშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, თელავის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა და კახეთში კოალიციის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, კოალიციის მონიტორინგის ჯგუფები სტიქიiს შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღწერას განაგრძობენ და საბოლოო მონაცემებს, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ.

მათი თქმით, მოსახლეობისაგან ზარალის შესახებ მიღებული ინფორმაციის შეჯამების შედეგად, გამოდის, რომ ზემოხსენებულ რაიონებში, საშუალოდ, ერთი ოჯახის ზარალი 8-10 ათას ლარს აღწევს.

„დაახლოებით, სოფლების 70 პროცენტი უკვე დავიარეთ. ძალიან სავალალო შედეგი მივიღეთ, უმძიმესი მდგომარეობაა. ხალხს აქვს 30-36-40-პროცენტიანი სესხები აღებული და წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ ისინი ამ ვალის გადახდას? დანგრეულია სახლები, გადახდილია სახურავები, განადგურებულია ბაღები და ვენახები. ჯერჯერობით მოსახლეობამდე მისულია მხოლოდ ისეთი ტიპის დახმარება, როგორიცაა: ფქვილი, სარეცხი საშუალება მცირე პაკეტებში, შაქარი, შამპუნი და ზეთი, მაგრამ ფულადი დახმარება ჯერჯერობით მისული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ეს დახმარება მთლიანად არ მიუღიათ“, - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ეუბნებიან – ზარალი ბიძინა ივანიშვილმა აგინაზღაუროსო.

„ბიძინა ივანიშვილი ამას აუცილებლად გააკეთებს, როდესაც ხელისუფლებაში მოვა“, – აღნიშნა მან.

გელა სამხარაულის ინფორმაციით კი, კახეთში სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თელავის რაიონი დაზარალდა, რადგან სოფლებთან ერთად სტიქიის ზონაში უშუალოდ ქალაქიც მოყვა. ქალაქში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი ერთ ოჯახზე, საშუალოდ, 3 000 ლარს აღწევს, ხოლო სოფლად – 8-10 000 ლარს. არის შემთხვევები, როდესაც მიყენებული ზარალი 50 000 ლარსაც აღემატება.

სამხარაულის თქმით, მათ ზარალის დათვლისთვის სპეციალისტები შეგნებულად არ მიიწვიეს, რადგან მოსახლეობამ უკეთ იცის, თუ რად უღირს ის ქონება, რომელიც სტიქიის შედეგად განადგურდა.

სამხარაულის განცხადებით, კახეთში წესიერი, გულწრფელი ხალხი ცხოვრობს და ისინი მიყენებული ზარალის შესახებ გულწრფელად, გადაჭარბების გარეშე საუბრობენ.

კოალიციის მაჟორიტარების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მილიონი ლარი საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურდეს.

მაჟორიტარობის კანდიდატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეს თანხა მოსახლეობამდე მიიტანონ.