სამართალი
„ქართული ოცნების“ აქტივისტებს 80-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ
1-kiRuraZe-samarTaaa1თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ კახი კალაძის შტაბის წევრებს სერგო და თემურ კიღურაძეებს 80-80-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. როგორც „სამოქალაქო ფრონტის“ ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, სასამართლო პროცესი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში დარღვევებით წარიმართა; პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლემ დარბაზიდან 11 ადამიანი გააძევა.
„მსჯავრდებულებს 80-80-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 18 წლის სერგო კიღურაძეს ბრალად ედება, რომ თითქოს მან მაისური შემოახია დათო კუხალაშვილს, რომელიც მისი მეგობარია. ეს ბრალდება აბსურდია, რადგან კუხალაშვილი და კიღურაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ და შეუძლებელია, მათ შორის მსგავსი კონფლიქტი მომხდარიყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციაში კუხალაშვილის მამა იმყოფებოდა, რომელმაც გვითხრა, რომ მისი შვილი სამტრედიის პოლიციის უფროსმა და გამგებელმა გაიტაცეს და ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, მიმდინარეობს კუხალაშვილის დამუშავება, რომ დაბრუნების შემდეგ ტყუილები ალაპარაკონ. რაც შეეხება თემურ კიღურაძეს, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, რაც, ასევე, სიცრუეა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულების ადვოკატებს პროცესზე მოწმეების დაკითხვის საშუალება არ მიეცათ.
ჯიშკარიანის შეფასებით, მომხდარი ფაქტი კახი კალაძის საქმიანობაში ხელის შეშლისთვის მოხდა.