აქტუალური
რაც მეტ რეფორმას განახორციელებს საქართველო, მით მეტ დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან

1-ec-aqtialuu2თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები, რაც, ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, კარგი პროგრესით ხასიათდება.

„გვსურს, დავადასტუროთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვრჩებით ერთგულები, რომ ეს ძალიან დინამიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის – კეტრინ ეშტონისა, და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაში.

ეშტონისა და ფულეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, შეინარჩუნოს დინამიკური ტემპი და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დაასრულოს.

სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებასთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიზანია, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ამ წლის ბოლოსთვის წარმოადგინონ.

ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა, ივნისში დაიწყეს.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად დასაკმაყოფილებელი ყველა მოთხოვნა, მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტია.

ევროკავშირმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხი და ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებლის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომობა.

განცხადებაში კვლავ დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა.