აქტუალური
სააკაშვილი: „საქართველოში ყველამ უნდა იფრინოს!“

1-frena-aqtuuaa3თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2,6 კმ სიგრძის ასაფრენი ზოლი გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტიდან რეისები მოსკოვის, კიევის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, თელ-ავივისა და სხვა მიმართულებებით შესრულდება. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ბაღდათის, ხონის, ვანის, სამტრედიის და ყველა გარშემომყოფი ქალაქის აეროპორტი იქნება.

სააკაშვილის შეფასებით, ეს აეროპორტი სიდიდით ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ იაფი ავიარეისები შესრულდება.

„ამით ეს აეროპორტი მგზავრებს თბილისიდან წამოიყვანს. კონკურენცია არის მნიშვნელოვანი. თბილისში ფასებმა უნდა დაიწიოს, რათა ყველა ფენის ადამიანს შეეძლოს ფრენა და არა მარტო მოსახლეობის 3-4 პროცენტს. ეს იმისთვისაც გავაკეთეთ, რომ ხალხისთვის იყოს ხელმისაწვდომი და არა ერთი და იმავე ჯგუფისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი გახდა და ტურიზმის განვითარებასთან ერთად ასეთი აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია.

„ჯერ გვინდოდა უსაფრთხოება, კრიმინალები რომ არ ყოფილიყვნენ. ამის გარეშე ვერაფერს განვავითარებდით და მათ ვერავინ მოიყვანს უკან. გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 27 სექტემბერს დაიწყება და კიევის მიმართულებით ერთი გზა 22 ევრო ეღირება.

„ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, უცხოური იაფფასიანი ავიაკომპანიების შემოყვანა. ამის მთავარი მიზანი ხალხის დასაქმებაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და მადლობა „ამ ყველაფრის სულისჩამდგმელ“ გიორგი კარბელაშვილს, ავიაციის დეპარტამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაუხადა.

„ჩვენ დრო ცოტა გვაქვს, ასაშენებელი კი – ბევრი. იმდენი რამ დაინგრა, რომ ამის აშენებას ათწლეულები სჭირდება. ამიტომ ყველაფერი ჩქარა უნდა გავაკეთოთ“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.