აქტუალური
საქართველო და ესტონეთი რეადმისიაზე შეთანხმდნენ

1-readmisia-aqtuuu3თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და აღნიშნულ პროცესში ესტონეთის საქართველოს მიმართ ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, რეგიონულ საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.

ურმას პაეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონური მხარის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ესტონელ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულ თბილ ურთიერთობებს.

შეხვედრის დასასრულ მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს“.